“ამბასადორში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავეს

0
154

თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 მარტს, მასშტაბური ხანძარი გაცნდა თბილისის ისტორიულ ცენტრში. ანჩისხატის ტაძრის მეზობლად მდებარე სასტუმრო კომპლექსი ამბასადორი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი შენობის ზედა სართულებზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით შენობის ორი სართულია დამწვარი და მსხვერპლი არ არის. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

წინა სტატიაReuters – აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
შემდეგი სტატიადღეს, 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური