MKD ავრცელებს სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც ივანიშვილს ევროპულმა პრესამ ისევ უარი უთხრა

0
203

იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროპული მედია ისევ უარს ეუბნება მათ “კრედიტ სუისს”-ის მენეჯმენტის “მამხილებელი” სტატიების გამოქვეყნებაზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ “კრედიტ სუისს”-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს.

ავტორები წერენ, რომ მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ და რომ 2022 წლის სექტემბერში, სინგაპურში, მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად.

“რაც შეეხება გერნსის, სადაც აქტივების უდიდესი ნაწილია ტრასტის ქვეშ მოქცეული, იქ უკვე ვერ მოქმედებდა სინგაპურის მოსამართლის იურისდიქცია, ამიტომ გერნსის შემთხვევაში, ბანკის მენეჯმენტმა კვლავ მანამდე არსებულ რეჟიმში დაგვტოვა: მრავალჯერ გადადებული სასამართლო განხილვების მოლოდინში. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის თანხა, რომლის გადმორიცხვაზეც „კრედიტ სუისს“-ი უარს გვეუბნება, „კრედიტ სუისს“-შიც კი არ არის. თანხა სხვა ბანკშია. ამიტომ აქ ვერ გვექნება ილუზია, რომ ბანკს რაიმე ფინანსური და კომერციული ინტერესი აქვს. არა, ბანკის მენეჯმენტის ინტერესი სულ სხვაგან არის და, ვფიქრობთ, ეს ხელისგულზე დევს”, – წერია სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ როდესაც ივანიშვილი ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხის გადარიცხვაზე უარს იღებს. იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნულს ივანიშვილმა უპასუხა, რომ თავად გაანაწილებდა თანხას, რაზეც პასუხი აღარ მიუღია.

“ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო – უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო”, – წერია სტატიაში.

წინა სტატია“გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი” – ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს
შემდეგი სტატიასაქართველო ახლა სხვა მხარესაა და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს – ფიონა ჰილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური