უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა მოსალოდნელი შეტევა უკვე დაიწყო და მთელს დონბასში რუსული არმიის გააქტიურება სწორედ ამის ნიშანია. საუბარი არ არის, რომ ახალი სამიზნეები გაჩნდა, არამედ მინიშნებაა იმაზე, რომ ინტენსიური დაწოლის ზრდა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონის რამდენიმე პუნქტზე – სწორედ ამ ჩაფიქრებული შეტევის ნაწილს წარმოადგენს. რუსული შეტევის მიმართულებად რჩება ქალაქი დონეცკის შემოგარენი – მარიინკა და ავდიივკა, დონეცკის რაიონის სამხრეთ ნაწილი – ვუჰლედარი და ველიკა ნოვოსილკა, დონეცკის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი – ბახმუტი-სივერსკი და ლუგანსკის რაიონში კრემინას შემოგარენი.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას და მსგავს კომპრომისზე წასვლას არავინ არ უნდა ელოდოს. მანვე დაამატა, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი პოზიციები მანამ, სანამ კონტრშეტევისათვის მზადება მიმდინარეობს.
ზელენსკიმ ბელარუსიც გააფრთხილა – არ ჩაერიოს ომში რადგან უკრაინა მაინც დაიცავს თავს ხოლო ბელარუსი აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში. ამ ფონზე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება ომში თუკი ბელარუსის წინააღმდეგ დაიწყებს ვინმე მოქმედებასო. ეს კი შესაძლოა წინასწარ პროვოკაციის მომზადებასაც ნიშნავდეს ან პირიქით, ომში ჩართვისაგან თავიდან არიდების მცდელობას.
– რუსები ცდილობენ ვიქტორ მედვეჩუკი – უკრაინის მოღალატე პოლიტიკოსი და პუტინის ახლო მეგობარი, რომელიც ოფიციალური კიევის მიერ ომის დაწყვებისთანავე იქნა დაკავებული და შემდგომ აზოვის ლიდერებში გაცვლილი – ერთგვარად გაააქტიურონ კიდეც. მედვეჩუკი ბოლო კვირებია ცდილობს შექმნას ერთგვარი პლატფორმა რუსეთში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს კიევის სახელით წარმართავს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაქტიკაში ღიმილისმომგვრელად გამოიყურება (და არის კიდეც), მაგრამ ეს მიუთითებს კრემლის მიდგომაზე – ის ეძებს სახელმწიფოს გაცხადებულ მოღალატეებს, შემდგომ მათი მეშვეობით ქმნის დამყოლ, მორჩილ ძალას, რომელიც თუკი ხელისუფლებაში მოვა ყველაფერზე იქნება წამსვლელი. აღნიშნული საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით 1944-1980 წლებში საკმაოდ მიღებული პრაქტიკა იყო (და ამა თუ იმ ფორმით დღესაც გამოიყენება). ასეთ ფსევდო-მთავრობებს ან აგრესიის წინ ან აგრესიის დროს იყენებდნენ ხოლმე. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში მედვეჩუკის წონა მინიმალურია – მისი პარტია აკრძალულია, მას მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ხოლო 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მისი მხარდამჭერი მოსახლეობა ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში ცხოვრობდა, რომელთაც ეს ომი ყველაზე მეტად შეეხოთ და ახლა დევნილობაში ან ოკუპაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, მედვეჩუკი, როგორც ძალა ისევე დასრულებულია, როგორც იანუკოვიჩი. თუმცა მედვეჩუკის არსებობა და მის იმედად ყოფნა კრემლის რეტროგრადულ და რეალობისაგან მოწყვეტილ მიდგომების არსებობაზე მაინც მიუთითებს.
– 101 უკრაინელი ტყვე იქნა გაცვლილი რუს ტყვე სამხედროებში. სახლში დაბრუნებულთაგან 63 მარიუპოლის მცველია. ამ ქალაქის მცველების უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება დიდი მორალური მუხტია უკრაინელებისათვის.
– გაჩნდა მოსაზრება, რომ მომდევნო კვირებში რუსეთმა შესაძლოა მასირებული საჰაერო იერიშები წამოიწყოს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არ გულისხმობს ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც რუსეთმა წუხელაც გამოიყენა უკრაინული ქალაქების და ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და კვლავაც გამოიყენებს, არამედ ეს ნიშნავს რუსული ავიაციის მასობრივად გამოჩენას უკრაინის საჰაერო ცის სიღრმეშიც კი. თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება გადასაჭრელი და რუსული საჰაერო ძალები გასანეიტრალებელი.
– ყირიმში, არმიანკის სიახლოვეს, ხერსონის რაიონისაკენ მიმავალ გზასთან დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინელებს კომენტარები არ გაუკეთებიათ, რუსები კი იმას ამბობდნენ წვრთნები მიდისო. აფეთქების სიმძლავრიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ უკრაინულ საჰაერო იერიშთან გვქონდეს საქმე და რუსული განცხადება კვლავაც სიცრუეა.
– ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. რუსების წინსვლა შეჩერებულია. მეტიც, დასავლეთის მაგისტრალზე სიტუაცია მეტად კონტროლირებადი ხდება. სლავიანსკისაკენ მიმავალ გზაზე კვლავინდებურად ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.