“ახლა ამათ მოვუ** კარგის ტრ**-ს!” – რა კონფლიქტი უძღოდა წინ სროლის დაწყებას საგარეჯოში

0
993

20 იანვრის გვიან ღამით, საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან ეზოში მყოფ ახალგაზრდებს, ასევე სუპერმარკეტში მყოფ პირებსა და შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს იმავე კორპუსში მცხოვრებმა ნოდარ ათუაშვილმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა.

სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი და წითელი ჯვრის მოხალისე, ამასთან, პოლიციელმა სასიკვდილო ჭრილობა იმ დროს მიიღო, როცა დაჭრილ ქალს, სუპერმარკეტის თანამშრომელს გადაეფარა. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ნოდარ ათუაშვილი თავისი ბინის წინა და უკანა აივნებიდან, დამიზნებით ისროდა იმ ადამიანების მისამართით, ვინც ეზოში ან მიმდებარედ იმყოფებოდნენ.

სპეცოპერაციის დაწყებისთანავე, როცა სპეცრაზმი მის ბინაში შევიდა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდაპირველი ვერსიით, სროლის წინ არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. თვითმხილველები და ეზოში მყოფი მაცხოვრებლები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, ჟურნალისტებთან ჰყვებოდნენ, რომ ნოდარ ათუაშვილს ეზოში მყოფ ახალგაზრდებთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია:

“არაფერს არ ითხოვდა. პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, რა… აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა… ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა… გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა…”, – ჰყვებოდა ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან.

იმ საღამოს, როცა შემზარავი ტრაგედია მოხდა, ნოდარ ათუაშვილთან სტუმრად მისი 19 წლის შვილი იმყოფებოდა, რომელიც, მშობლების გაშორების შემდეგ, დროდადრო სტუმრობდა მამას – ათუაშვილი მანავიდან იყო, საგარეჯოში კი ქირით ცხოვრობდა. შვილი სროლის დაწყებიდან მალევე გამოიქცა და გზად, ეზოში ჩასვლამდე, მეზობლები გააფრთხილა, რომ მამამისი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და, პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოკითხა ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლი, შვილი და მეზობლები. სწორედ ამის შემდეგ ხდება ცნობილი, რომ სროლის დაწყებას წინ უძღოდა შელაპარაკება და სიტყვიერი დაპირისპირება ნოდარ ათუაშვილსა და ეზოში მყოფ პირებს შორის, რაც ნოდარ ათუაშვილის შვილმა ჩვენებაშიც აღნიშნა, ამასთან, სროლის დაწყებამდელ კონფლიქტზე დღეს უკვე მეზობლებიც ალაპარაკდნენ.

კონკრეტულად, კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ნოდარ ათუაშვილსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის მაშინ მოხდა, როცა მეზობლები სუფრასთან ერთად ისხდნენ და ნათლისღებას აღნიშნავდნენ. შეკამათების დაწყებისას ორივე – მკვლელიც და მსხვერპლიც, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ნოდარ ათუაშვილმა ოჯახი, სადაც სუფრა იყო გაშლილი, დატოვა და სახლში წავიდა, სუფრა დატოვეს და ეზოში გადაინაცვლეს მეზობლებმაც, სადაც სუფრასთან მომხდარი კონფლიქტის ხმამაღლა განხილვა გააგრძელეს, რის შემდეგაც ნოდარ ათუაშვილი ისევ ეზოში ჩავიდა, თუმცა, მალევე თავის ბინაში აბრუნდა.

ეზოში მყოფმა რამდენიმე პირმა ათუაშვილს ეზოდანაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე შეაგინა, მათ შორის, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს მისი ყოფილი ცოლი. წყაროს ცნობით, ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ეზოდან ამოსულმა ნოდარ ათუაშვილმა, ბინაში შესვლის შემდეგ ხმამაღლა თქვა ფრაზა: “ახლა ამათ მოვუ**ვ კარგის ტ**ს!”, რის შემდეგაც თავდაპირველად “მოლოტოვის კოქტეილები” გადაყარა აივნიდან, შემდეგ კი ავტომატი აიღო, აივანზე გავიდა და დამიზნებით ესროლა ჯერ იმ პირს, ვისთანაც შეკამათება მოუვიდა, შემდეგ კი დანარჩენებს, ვინც სასიკვდილოდ დაჭრილ ახალგაზრდას მიუახლოვდა და ვინც კორპუსის უკანა მხარეს, ერთ-ერთ სუპერმარკეტს შეაფარა თავი.

იმას, რომ გამოძიება ნოდარ ათუაშვილის ქმედების მოტივზე მუშაობს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსიც ადასტურებს, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს:

„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან თეიმურაზ კალანდაძემ.

ნოდარ ათუაშვილი 2006-2021 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, იმყოფებოდა რამდენიმე საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, ავღანეთში. ამ კონკრეტული შემთხვევისთვის სამწუხაროდ, ის ძალიან კარგად ისროდა მიზანში, ავტომატიდანაც კი.

“გადავიხედე გარაჟებისკენ. მიცვალებული დავინახე, მაღლიდან დავყურებდი, ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ იარაღი ჰქონდა. ვუთხარი, ნოდარ, მკვდარი არის-მეთქი და ჰო, დიახაც მკვდარი არიო… თვალში მომხვდა, რომ ავტომატი ჰქონდა გადაშვერილი…” – იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ნოდარ ათუაშვილს იცნობდა.

ამ დროისთვის საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალსში” სროლის დროს დაჭრილი სამი ადამიანი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება იმ ოპერაციის შემდეგ, რაც ჩაუტარდა. საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გმირულად დაღუპული პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი 20 იანვარს, საღამოს თბილისში გადაასვენენ. სავარაუდოდ, ის სიკვდილის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს, რომელიც ოჯახს გადაეცემა.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, გარეჯელები მომხდარი ტრაგედიის ადგილას მიდიოდნენ – მათ სანთლები და ყვავილები მიჰქონდათ, რითაც პატივს მიაგებდნენ დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

წინა სტატიაარ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! – სალომე ზურაბიშვილის განცხადება
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუს ოკუპანტთა შეტევები 10 დასახლებაში მოიგერია – გენშტაბი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური