თუ “პატრონები” სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ შეძლებენ, რჩება გეგმა B, მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება – “ხალხის ძალა”

0
177

“ხალხის ძალა” მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლელ პოლიტიკოსებს – “პატრონებს”, კრიტიკული თემებით აშანტაჟებს. პარლამენტის დეპუტატების აზრით, მესამე პრეზიდენტი მათ ემუქრებათ, რომ 2008 წლის ომზე, ასევე, მის საქართველოში დაბრუნებაზე “მტკიცებულებებს” გაასაჯაროებს.

მათივე აზრით, თუ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ, რჩება გეგმა “ბ” – “სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”.

იხილეთ განცხადება სრულად:

მიხეილ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს საუბარს იმაზე, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა საქართველოს მომავალი შეიძლება განსაზღვროს. ამ თემაზე საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. რამდენადაც ვიცით, იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული სააკაშვილის პატრონებს ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება.

აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება.

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.

სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.

წინა სტატიაკიკაბიძე იყო უკრაინის დიდი მეგობარი და ადამიანი დიდი სამოქალაქო გამბედაობით – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაარ მგონია, განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩეოდნენ – ალასანია “ხალხის ძალის” განცხადებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური