“თუ [მიხეილ სააკაშვილს] არ გადაიყვანენ, მირჩევნია, ამ ყველაფერს შევეწირო” – ანა წითლიძე

0
307

“თუ [მიხეილ სააკაშვილს] საზღვარგარეთ, სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, მირჩევნია, ამ ყველაფერს შევეწირო”, – უთხრა “ოდიშინიუსს” ფრაქცია ენმ-ის წევრმა, ენმ-ის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერმა ანა წითლიძემ, რომელმაც დღეს ორ თანაფრაქციელთან – დავით კირკიტაძესთან და აბდულა ისმაილოვთან ერთად, შიმშილობა დაიწყო. 

ბრიფინგზე, რომელიც პარლამენტის სამმა წევრმა გამართა, აღინიშნა, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა შეთანხმებული არ არის მიხეილ სააკაშვილთან. ამასთან, შიმშილობის, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმის წინააღმდეგი იყო ფრაქციის რამდენიმე წევრი, რის გამოც ეს არის არა ფრაქციის, არამედ სამი დეპუტატის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. 

შიმშილობის დაწყებიდან ცოტა ხანში, ანა წითლიძემ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ არავის მოუწოდებს პროტესტის უკიდურესი ფორმისკენ, მაგრამ “პირადი თავგანწირვის მაგალითი ამ ომში რუსულ ოცნებასთან” მისი ვალია. ანა წითლიძემ ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა, რადგან მისი გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ყოველთვის, ტელევიზიებიდან გაიგებენ:

“ჩემი მიზანი არ არის საზოგადოების დამძიმება.
ბოდიშს გიხდით ყველას თუ ვინმე დაგამძიმეთ ჩემი ამ გადაწყვეტილებით.
მე ვიცი რას ნიშნავს ეს შიმშილობა ჩემი ჯანმრთელობისთვის. სრულად ვაცნობიერებ რისკს.
მაგრამ მე არ შემიძლია არ გავაკეთო ყველაფერი თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად იმისთვის რომ კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა არ დაიდოს ცოდვად ამ ქვეყანამ.
მე არავის მოგიწოდებთ იგივე ქნათ, მაგრამ მე ნამდვილად მგონია რომ პირადი თავგანწირვის მაგალითი ამ ომში რუსულ ოცნებასთან – ჩემი ვალია.
მიშა უნდა გადარჩეს და თუ ხელისუფლებას სჭირდება ამისთვის მსხვერპლი დაე, მე ვიყო.
ბოდიში ჩემს ოჯახს, რომელიც როგორ ყოველთვის ტელევიზიით იგებს ჩემს ამბებს.
ყველაფერი იქნება კარგად”, – დაწერა “ფეისბუქზე” ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა “ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილის პალატაში სხვადასხვა დროს, სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რაც თავად პაციენტთან შეთანხმებული არ ყოფილა. 
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პენიტენციურ სამსახურს სასამართლოში უჩივლეს, კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმაც დაიწყო. განცხადება გამოაქვეყნა სახალხო დამცველის აპარატმაც.
წინა სტატიაენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი პარლამენტში შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატია“არავითარი “საშობაო ზავი” არ იქნება” – გენერალი ოლექს გრომოვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური