ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის წარმოების პროცესებში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორებიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეები.
როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამიას საქმე არა თუ პოლიტიკურად არის მოტივირებული, არამედ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი დაუსაბუთებელია.
სიმონიშვილმა მესამე პრეზიდენტის საქმეში აღმოჩენილ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ პროცესუალურ საკითხზე, რომელიც მაგალითად დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან და ესეც ასევე მოხვდა ჩვენს ანგარიშში. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ არანაირი გამართლება არ არსებობდა პროცესუალურად იმის, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, ეს უბრალოდ ემსახურებოდა მის პოლიტიკურ განეიტრალებას,” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ანგარიშში საუბარია პოლიციელების მხრიდან ბრალდებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ფემიციდის შემთხვევებზეც.