93 წლისა გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ნოდარ ნათაძე. ის “სახალხო ფრონტის” დამფუძნებელი და ერთადერთი თავმჯდომარე იყო, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთის მონაწილე. აი, რას იხსენებს მასზე ერთ-ერთი მებრძოლი:
“მტრის ცეცხლის ქვეშ, უკან ვიხევდით, ნოდარ ნათაძე გვიყვიროდა, მე ამომეფარეთ, ჯავშანჟილეტი მაცვიაო. გამოვედით გადავრჩით, და ვნახეთ რომ ბატონ ნოდარს ჯავშანჟილეტი არ ეცვაო”.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ნათაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ნოდარ ნათაძემ განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.
“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.
მან თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.
ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.