უკრაინას ჯერ არ დაუწყია კონტრშეტევის შემდგომი ტალღა – ანალიზი

0
274
სამხედრო ექსპერტი კახა ესებუა მიმოიხილავს უკრაინის სამხრეთ ფრონტზე რეალურად არსებულ ვითარებას და წერს:
“ბევრი (მი)სვამს კითხვას, თუ რა ხდება ფრონტზე, რატომ აღარ ისმის უკრაინელების წინსვლის და გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების შესახებ. ამის მიზეზი რამდენიმეა:
1. მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავების შემდეგ აუცილებელია ამ ტერიტორიების ათვისება, ლოგისტიკის დალაგება, ზურგის ბაზების მიწევა, თავდაცვითი პოზიციების მოწყობა და ა.შ. ამ ყველაფერს დრო უნდა;
2. რუსული ქვედანაყოფები ამ ეტაპზე ივსება მობილიზებული პირადი შემადგენლობით, რაც ბუნებრივია გარკვეულწილად ართულებს უკრაინელების სწრაფ შეტევებს;
3. რუსულმა მეთაურობამ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ შეძლო გარკვეულწილად დასკვნების გამოტანა და შედარებით უკეთ მოახდინეს კონსოლიდაცია მარცხის შემდეგ და სათადარიგო ზღუდეებზე გამაგრება;
4. რუსეთი ამ ეტაპზე აქტიურ დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე და ქალაქებზე, რაც ბუნებრივად იწვევს უკრაინისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ნაწილის ფრონტის ხაზიდან მოხსნის და ზურგის დაცვისთვის გადასროლის საჭიროებას, დაცული ჰაერის გარეშე კი წარმატებული კონტრ-შეტევა წარმოუდგენელია;
5. უკრაინაში წვიმის სეზონია, გზები ატალახებულია, რაც აფერხებს ჯავშანტექნიკით მანევრს, შესაბამისად შეტევას;
6. და რაც მთავარია, უკრაინას ჯერ არ დაუწყია კონტრ-შეტევის შემდგომი ტალღა (რასაც რუსები წერდნენ რამდენიმე დღის წინ, სრული ფეიკი აღმოჩნდა, რომლის მიზანიც იყო იმის ჩვენება, რომ უკრაინელებმა შეუტიეს, მაგრამ რუსებმა ისინი დაამარცხეს).
ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ამ ეტაპზე უკრაინული შეტევის ინტენსივობა არ არის მაღალი. თუმცა, უნდა გავიაზროთ უკრაინული შეტევის თავისებურებები. პირველ რიგში, უკრაინის ოპერატიული დაგეგმვა მოქნილია და ის რეაგირებს სადაზვერვო მონაცემებზე და ბრძოლის ველზე მოულოდნელად შექმნილ შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ შეტევა მელიტოპოლის მიმართულებითაა გადაწყვეტილი, ხერსონის მიმართულებაზე გარკვეული ფაქტორების თანხვედრის პირობებში არ გამოირიცხება ამ მიმართულებით შეტევაც.
თუმცა, ეს მოქნილობა ხანდახან უარყოფით შედეგებსაც იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად უკრაინული გენშტაბი როგორც წესი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, სვატოვეზე შეტევის არა ტრასის გასწვრივ, არამედ ფართო ფრონტით, მდინარე ჟერებეცის დაჭაობებულ ნაპირებზე შეტევა, ვფიქრობ, შეცდომა იყო. სავარაუდოდ, ტრასის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებზე რუსებმა გამაგრება მოასწრეს, უკრაინელებმა კი გადაწყვიტეს შედარებით დაუცველი და მოულოდნელი მიმართულებიდან შეეტიათ, თუმცა წვიმებმა მოუსწრო დაჯავშანტექნიკა ჩაეფლო. მიუხედავად ამისა, შეტევა სავარაუდოდ მაინც იქნება, უბრალოდ იმაზე გვიან, ვიდრე ველოდით.
სწორედ ამ შეტევაზე კონცენტრირების საშუალებას ზღუდავს რუსული თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე და მას დროში წელავს. ამ ეტაპზე, რუსეთს დროის გაწელვის გარდა სხვა სტრატეგია არ გააჩნია, რადგან დასახული ამოცანების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს ვერც მობილიზაცია და ვერც T-62-ების მოდერნიზაცია, ვერც ანექსია. ამ ომში გარდატეხის შეტანა შეუძლია სამ ფაქტორს – მოტივაციას, ტექნოლოგიას და ლოგისტიკას. ამ სამიდან არც ერთი არ არის რუსეთის მხარეს და რაც დრო გადის სამივე მიმართულებით სასწორი უკრაინის მხარეს იხრება.
წინა სტატიარუსეთმა 11 დღის განმავლობაში, უკრაინის 16 რეგიონზე, 190-ზე მეტი იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყნების გაზის მარაგები 92 %-ით სავსეა – ფონ დერ ლაიენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური