NATO-ს წევრი 9 ევროპული ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს

0
256

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცხრა ქვეყანა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ქვყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მათ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია და მოკავშირეებს მოუწოდეს მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო დახმარება უკრაინაში.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

მხარს ვუჭერთ უკრაინას, თავი დაიცვას რუსეთის შემოჭრისგან და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანონ ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასევე მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს არსებითად გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში.

ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის პრეზიდენტი; ესტონეთის პრეზიდენტი; ლატვიის პრეზიდენტი, ლიეტუვის პრეზიდენტი; ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი; მონტენეგროს პრეზიდენტი; პოლონეთის პრეზიდენტი; რუმინეთის პრეზიდენტი; სლოვაკეთის პრეზიდენტი.

წინა სტატიაზუგდიდის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გიორგი გულორდავა გახდა
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია კონსტიტუციურად აღიარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური