უკრაინული შენაერთების წარმატებული წინსვლა ხარკოვის ოლქში გრძელდება. ამ დროისთვის ცნობილია რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ, საერთო ჯამში კი უკრაინელმა სამხედროებმა, მინიმუმ, 25 კმ-ით წინ წაიწიეს და ეს მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
მართალია, ზსუ ინარჩუნებს ოპერატიულ სიჩუმეს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ბალაკლეა ოპერატიულ ალყაშია. როგორც თავად რუსული რესურსები აღიარებენ, ქალაქს გარესამყაროსთან აკავშირებს მხოლოდ ერთი გზატკეცილი, რომელიც უკრაინელთა საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა. ამას გარდა, ფაქტობრივად უკრაინელები აკონტროლებენ კუპიანსკისა და ბალაკლეის დამაკავშირებელ გზასაც, ხოლო თავად კუპიანსკი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის არტილერიის მიერ – განადგურებულია ოკუპანტთა ბაზა და სამხედრო შტაბის შენობა.
ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ იზიუმის მიმართულებით შეტევა და ბალაკლეასთან გარღვევა დიდი მოულოდნელობა იყო რუსული შენაერთებისთვის. ბალაკლეაში ჩარჩენილია რიაზანისა და ბაშკირეთის განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმები, რომლებთანაც მთელი დღის განმავლობაში კავშირი არ არის.
რაც უფრო მეტად სდუმან უკრაინის სამხედრო ჩინოსნები და მედია, მით მეტად ხმაურობენ რუსული არხები და რესურსები. ისინი ცდილობენ გამოიცნონ, რა იქნება შემდეგ:
“მოწინააღმდეგე კიდევ ერთ დარტყმას ამზადებს, ვეჭვობ, ზაპოროჟიის მიმართულებაზე. თუ გავითვალისწინებთ ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის თავმოყრას, უფრო იქეთკენ ვიხრები, რომ უგლედარის დასავლეთით ჩვენი თავდაცვის გარღვევას შეეცდებიან. მაშინ სამკუთხედს შეკრავენ და სამ მიმართულებას ერთად დაარტყამენ: ვოლნოვახას, მელიტოპოლსა და ენერგოდარს აღმოსავლეთიდან…” – წერს სამხედრო კორესპონდენტი “კოტიონოკ Z”
ვინც წერთ, რომ “ხოხოლებს” (უკრაინელებს შეურაცხმყოფელი ფორმით ოკუპანტები ასე მოიხსენიებენ) ბალაკლეა-იზიუმის მიმართულებაზე მცირე რეზერვი აქვთ, საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა, რა ხდება ამ მიმართულებაზე: ხარკოვზე დაყრდნობით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია წამოსწიოს საკმაოდ დიდი ძალები – ამაზე ბლოგერი დილეტანტები წერდნენ.
ასევე, იწერებოდა, რომ ჩვენ ვუტევთ ჩენზე მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს. ახლა კი გადავალთ მოგერიებაზე და პირადად მე ჩემი აქაური ძმების უფრო მჯერა, უბრალო ჯარისკაცებისა და ოფიცრების, ვინც თვეებია, იზიუმის ტყეებში იბრძვის…”, – წერს “სტარშე ედდი”.
“ზოგი ცნობის მიხედვით, ბალაკლეის შეტევაზე 9.000 ადამიანია ჩართული ზსუ-ს მხრიდან”, – წერს იგივე არხი, – “მოცემულ მომენტში ბალაკლეა გარესამყაროსთან კავშირს ინარჩუნებს გზით, რომელიც ცეცხლქვეშაა და რომლის გადაჭრასაც აპირებენ უკრაინელები (კომენტარი თბილისის დროით 15:29 საათზეა დაწერილი), ისინი სავინცსაც უტევენ. დღეს დაიბომბა კუპიანსკიც.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ “ხოხოლებს” (ჟარგ.-უკრაინელებს) ჯერაც არ აუმოქმედებიათ შეტევის სრული გეგმა, არადა, ყველაზე ამბიციური შედეგის დადგომა სურთ. ალბათ იზიუმის ფრონტის სამხრეთიდან შემოგვიტევენ, სლავიანსკსა და ბორვენკოვოზე დაყრდნობით…”, – პროგნოზირებს “ედდი”.