ყველამ ნახა, რა მოხდა ბუჩაში, რომელიც კიევიდან 30 კილომეტრშია და რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვეს რუსმა ოკუპანტებმა.
ამ დროისთვის ოკუპანტებისგან გათავისუფლებული დასახლებული პუნქტებიდან 410 ცხედარი გაიტანეს და ეს ჯერ კიდევ არაა საბოლოო რიცხვი – მოკლულთა ცხედრებს ჯერაც პულობენ.
ეკატერინა უკრაინცევა, საქალაქო საბჭოს წევრი და ტერიტორიული თავდაცვის მოხალისე ბუჩაში იყო, როცა იქ განუკითხაობა დაიწყო. ეკატერინა ბუჩიდან 11 მარტს წამოვიდა, 3 აპრილს კი ისევ დაბრუნდა, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. მან “მედუზას” უამბო, რა ხდებოდა ბუჩაში რუსული ოკუპაციის დროს.
რატომ აღმოჩნდა ბუჩაში ასე ბევრი ხალხი? რატომ არ მოხდა ევაკუაცია? სად იყო ქალაქის ხელმძღვანელობა? რატომ დაიკავეს რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი, რომელსაც თავდაპირველად, დერეფნად იყენებდნენ? როგორ იქცეოდნენ ისინი, როგორ იქცეოდა ხალხი? ვინ თანამშრომლობდა სამხედროებთან და ვინ ეწინააღმდეგებოდა?
ამ კითხვებზე პასუხებს სწორედ ამ ვრცელ ნაამბობში იპოვით.
– ომის დაწყების მერეც კი არ ველოდით, რომ ის ჩვენგან დაიწყებოდა –
“ბუჩა ჰოსტომელთან ახლოს მდებარეობს. როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ძირითადი მოქმედებები კიევში იქნებოდა, ბუჩას კი ხელს არავინ ახლებდა. გვეგონა, რომ ეს უსაფრთხო ადგილი იყო.
მაგრამ უკვე 24-25 თებერვალს ჩვენ გვესმოდა აფეთქებების ხმა, ბუჩისკენ დაფრინავდნენ ვერტმფრენები.
ჩვენმა არტილერიამ მათი დამუშავება დაიწყო. ფანჯრებიდან ვხედავდით, როგორ ეშვებოდნენ ისინი ჰოსტომელის აეროდრომზე. მათ ბომბავდნენ, ისინი კი მაინც მოფრინავდნენ.
ამის შემდეგ რუსეთის არმიის დივერსიული ჯგუფები ტყეში გავიდნენ. იქ კი ჩვენი კოტეჯები და კერძო სექტორია – მათ იმ ადგილობრივთა სახლები დაიკავეს, რომლებიც თავიდანვე გავიდნენ ბუჩიდან. გაჩნდნენ პირველი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები.
ჩვენ დაძაბულები ვიყავით, სადარბაზოებს ვკეტავდით, რუსეთის ჯარები სულ ახლოს და ახლოს იყვნენ. მათ ბუჩის ირგვლივ დაიწყეს თავმოყრა, მაგრამ ცენტრში ეს არ იგრძნობოდა.
-პოლიცია და სამხედრო კომისარიატი ქალაქიდან პირველ დღეებში წავიდნენ-
4 მარტს ცენტრალური ქუჩით ქალაქი რუსულმა ჯავშანკოლონამ გაიარა. ისინი ირპენისკენ მიდიოდნენ: თავდაპირველად ბუჩას იქ მისასვლელ დერეფნად იყენებდნენ. ირპენის ბლოკპოსტიდან კოლონა არტილერიამ დაამუშავა, პირდაპირ ჯართად აქცია. რაც დარჩა ჯავშანტექნიკისგან – ქალაქში გაიფანტა. მათი გადაადგილებიდან ჩანდა, რომ რუსი სამხედროები ვერ ერკვეოდნენ ადგილმდებარეობაში, უმისამართოდ დადიოდნენ.
ქალაქში ტერიტორიული თავდაცვის რაზმები იყო, დაიწყო სროლები. რუსმა სამხედროებმა სროლა პირდაპირ სახლებს დაუწყეს. ერთი ჭურვი ტანკიდან ჩვენი კორპუსის მესამე სართულსაც მოხვდა, მე მეოთხეზე ვცხოვრობ. გაჩნდა ხანძარი. მაგრამ ხანძარი არ იყო ძლიერი, კიბე მოვიტანეთ და თვითონ ჩავაქრეთ.
როცა ჭურვების ცვენა უკვე ეზოებში დაიწყო, ყველანი სარდაფებში ჩავედით. ჩვენთვის სარდაფებში ცხოვრება ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო: იქ ჩავიტანეთ საკვები, წყალი, ვცდილობდით, ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეგვექმნა.
ვფიქრობ, ქალაქის ხელმძღვანელობამ ქალაქის დაცვის კუთხით კარგად ვერ იმუშავა, ისინი შემოჭრისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უსაფრთხოდ ვიყავით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა: მერია, პოლიცია და სამხედრო კომისარიატი ქალაქიდან მაშინვე გავიდა, ჩვენ სამიზნეები აღმოვჩნდით, აფთიაქები დაიხურა.
ჰუმანიტარული კატასტროფა ჯერ კიდევ თებერვალშივე დაიწყო. როცა რუსული ტანკის ჭურვი მოხვდა ბუჩის სავაჭრო ცენტრს, ხალხი მაშინვე იქ მივიდა და ყველაფრის გამოტანა დაიწყო. შეგვიძლია ამას მარადიორობაც დავარქვათ, მაგრამ მათ არჩევანი არ ჰქონდათ, რაიმე სახის მარაგი იყო საჭირო – საკვების მაინც. რადგან წამლების დეფიციტიც იყო, დაიწყეს მაღაზიებისა და აფთიაქების გატეხვა. ამ ადამიანებს არავინ აჩერებდა.
ადგილობრივებმა თავად დაიწყეს თავდაცვითი რაზმების შექმნა. გამოჩნდნენ ვეტერანები, რომლებმაც იარაღი აიღეს და ირგვლივ შემოიკრიბეს მათნაირები, ჩაიცვეს 2014 წლიდან შემორჩენილი ფორმები და ქალაქის დასაცავად დადგნენ.
-მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლები ქუჩებში მარტის დასაწყისიდან ყრიან-
პირველი ქალაქში ვალოდია კოვალსკი დაიღუპა. მან 2015 წელს ორივე ფეხი დაკარგა დონბასში, პროთეზით გადაადგილდებოდა. ის თავდაცვით რაზმში თავიდანვე ჩაეწერა, უშლიდნენ, მაგრამ არ დაიშალა. სწორედ ვალოდიამ, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა, მტერს ჯავშანტექნიკა მოჰპარა და ჩვენს ბიჭებს მოუყვანა. მოგვიანებით, ბრძოლის დროს დაიღუპა. ცოლი და შვილები დარჩა.
ევაკუაციის ორგანიზება ვერ მოხერხდა მაშინ, როცა ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ირპენიდან ხალხი ტყვიის წვიმის ქვეშ გამოჰყავდათ, ბუჩიდან კი მხოლოდ თვითონ გამოდიოდნენ.
ოკუპაცია 5 მარტს მოხდა. ახლა ყველაზე მეტი ცხედარი იაბლონსკაიაზე წევს, ეს ირპენის პარალელური ქუჩაა. ისინი იქ მარტის დასაწყისიდან წვანან.
იმ ქუჩაზე რუსებმა მთელი ტავიანთი ტექნიკა განათავსეს და იქედან ბომბავდნენ ირპენს. ეზოებში შეჰყავდათ ჯავშანტექნიკა, თხრიდნენ სანგრებს, სნაიპერები ადიოდნენ სახურავებზე, სხვებს ტყვიამფრქვევები აჰქონდათ.
მოსახლეობას გარეთ არ უშვებდნენ, ვინც გამოსვლას დააპირებდა, უკან ერეკებოდნენ, ემუქრებოდნენ დახვრეტით. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ კარგად იცოდნენ, თუ უკრაინელები გაიგებდნენ, რომ კორპუსები მოსახლეობისგან დაიცალა, მათ დაბომბავდნენ.
გარეთ გამოსვლის უფლება მოსახლეობას მხოლოდ 8 მარტიდან მისცეს. მისცეს უფლება, ქუჩაში გაეცხელებინათ წყალი, დაენთოთ კოცონები.
ობოლონსკაიაზე რუსებმა თავიანთი ბლოკპოსტი განათავსეს, ქალაქიდან გასვლის მსურველებს ეს ბლოკპოსტი უნდა გაევლოთ. სწორედ იქ დაიწყო მოსახლეობის დახვრეტა. ზოგი ველოსიპედით მიდიოდა, ზოგი ფეხით, ზოგი კი მანქანით. ჩემ დროს ხალხი არ დაუხვრეტიათ. ვინც იაბლონსკაიაზე წევს, ქაოტური სროლისგან დაიღუპნენ. ვინც გამოაღწია მაშინ, ყველა ამბობს, რომ ეს იყო ჯოჯოხეთი, პანიკა.
ბუჩას არ გამოუვლენია აგრესია. ჩვენ არ მოგვიწყვია მიტინგები, არ გვიფრიალებია უკრაინის დროშები. თავიდან იყო საუბარი მიტინგებზე, მაგრამ რუსული არმია ისე მოულოდნელად შემოვიდა, რომ ვერ გადავწყვიტეთ.
-რუსი ჯარისკაცები სარდაფში მშრალ საკვებს აწვდიდნენ, შემდეგ კი იქ ყუმბარას აგდებდნენ-
ჩვენთან იყო ასეთი სიტუაცია, რომ საღამოს გოგონა საერთო აივანზე გავიდა მოსაწევად, ტელეფონით ხელში. მაშინვე საყვედურებით ავავსეთ, რადგან შეიძლებოდა, ის ცეცხლის კორექტორი ჰგონებოდათ და მაშინ სახლისგან არაფერი დარჩებოდა.
იყო შემთხვევები, როცა რუსი ჯარისკაცები სარდაფებში მყოფებს მშრალ საკვებს აწვდიდნენ და მერე იქ ყუმბარას აგდებდნენ – ასე ერთობოდნენ. ერთხელაც, ერთ საცხოვრებელ კომპლექსში, წმენდის დროს, რუსებს ბნელ სარდაფში ჩასვლის შეეშინდათ და, ყოველი შემთხვევისთვის, იქ ყუმბარა შეაგდეს. მაშინ იქ არავინ აღმოჩნდა, საბედნიეროდ.
ისე მოხდა, რომ ბუჩაში სხვადასხვა დანაყოფები იდგნენ – სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ. ქალაქის ცენტრს გაუმართლა – იქ სამედიცინო ნაწილი იდგა, ისინი თავიანთი კოლეგების ცხედრებს და დაჭრილებს აგროვებდნენ, საავადმყოფოში მიჰყავდათ და დიზელ-გენერატორისთვის ექიმებს თავიანთი საწვავიც კი მისცეს.
საუბარში ისინი ამბობდნენ, რომ კიევისკენ გზა უნდა გააგრძელონ, მაგრამ ეს არ უნდათ. იყვნენ მათ შორის ისეთებიც, ვისაც ომი არ სურდა.
მაგრამ ისინი, ვინც ოკუპაციის პირველ დღეებში შემოვიდნენ, ნამდვილი მხეცები იყვნენ. ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ, დაიკარგა. ჩვენ არ ვიცით, მათ რა დაემართა.
პირველი შეთანხმებული მწვანე დერეფანი 9 მარტს შედგა, 4 მარტიდან კი გადაადგილება უკვე არათუ სახიფათო, შეუძლებელი იყო.
ევაკუაცია როცა დაიწყო, ადგილობრივებს ნება დართეს, ქალაქი მხოლოდ მანქანებით დაეტოვებინათ. სულ ევაკუაცია ოთხჯერ თუ ხუთჯერ ჩატარდა. გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე საერთოდ არ ყოფილა ევაკუაცია, ადამიანები ნერვების ზღვარზე იყვნენ.
ძნელი წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი დაიღუპა საკვებისა და წამლების არქონის გამო.
-რუსეთის არმიასთან ბევრი თანამშრომლობდა, მაგრამ უფრო მეტი – ეწინააღმდეგებოდა-
სახლებში რუსი ჯარისკაცები პირდაპირ იჭრებოდნენ, ატო (ანტიტერორისტული ოპერაცია დონბასში)-ს მონაწილეებს ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ ატო-ს მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ბაზა გააქრო.
იყვნენ ადამიანები, ვინც თავიანთი ნებით თანამშრომლობდნენ რუს ოკუპანტებთან და აჩვენებდნენ მათ, სად უნდა ეძებნათ სამხედროები და უბრალოდ, პატრიოტები. იყო ერთი ოჯახი: ატო-ს მონაწილე, დაღუპული ვეტერანის შვილი. იპოვეს და დახვრიტეს. ძლივს მივაღწიეთ, რომ ცხედარი გამოგვეტანა. ახლა ვერც დედამისს ვპოულობთ.
მათ შორის, ვინც “ლესნაია ბუჩაში” იყო, მე კავშირი მქონდა ერთ გოგონასთან, რომელმაც გამომიგზავნა კაცის ფოტო: ცხედარი პირქვე ეგდო ასფალტზე, ხელები ზურგსუკან, სკოჩით ჰქონდა შეკრული. ვთხოვე მისი იდენტიფიცირება, იქნებ რამე პირადობის დამადასტურებელი ეპოვა, მან კი ცხედარი პირქვე გადმოაბრუნა და ფოტო გადაუღო.
კაცს სახე წაშლილი ჰქონდა, ფოტოს გადიდების შემდეგ კი ვნახე, რომ თვალებიც სკოჩით ჰქონდა აკრული, პირზე კი ტროსი ჰქონდა გამობმული – ცხადია, რომ სასტიკი წამებით იყო მოკლული. ის იქვე დაკრძალეს, გვერდით კი მისივე მოწმობა დადეს. მე ვფიქრობ, ის სწორედ მოწმობის გამო დახვრიტეს, თუმცა ძველი, 2005 წლის მოწმობა იყო და თანამდებობის გრაფის გასწვრივ ეწერა “პრეზიდენტის მრჩეველი” – ალბათ, ეს ფრაზა წაიკითხეს…”
–
“მედუზიდან” თარგმნა ლაშა ბერულავამ
–
უკრაინის ამბები მოკლედ, ფოტო-ვიდეო მასალის თანხლებით, სანდო წყაროებიდან და 24/7 რეჟიმში – ადევნეთ თვალი “ოდიშის” ტელეგრამ არხს:
არხზე გადასვლისთვის დაკლიკეთ