ჯოჯოხეთში ვართ, სარდაფში ერთად, კუთხეში ვლოცულობთ – მარიუპოლელი ქალის წერილები შვილს

0
313

აზოვისპირა ქალაქ მარიუპოლში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას აღწერს მარიუპოლელი ქალის შეტყობინებები, რომლებსაც პერიოდულად უგზავნიდა ვაჟს ალყაშემორტყმული ქალაქიდან. წერილების ციკლი 4 მარტიდან იწყება და 17 მარტს მთავრდება. 18 მარტს ეს ოჯახი, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით გაიყვანეს. 

ჩემო ბიჭო, გწერ იმ იმედით, რომ კავშირი აღდგება და შეტყობინება გაიგზავნება. ჩვენ კარგად ვართ, მხოლოდ გაზი დარჩა ქალაქში, ამბობენ, მალე ისიც არ იქნებაო. ძალიან ძლიერად გვბომბავენ, ქალაქში დენი და წყალი არ არის, მეორე დღე-ღამეა. დღეს *** შემოვიდა, საჭმელი გავიყავით. ყველაზე უარესი ისაა, რომ არ იცი, რა შეიძლება მოხდეს. გვიყვარხარ, იმედია, კარგად ხარ.
*
დილა მშვიდობის, ჩემო ბიჭო…კიდევ ერთი ღამე გადავიტანეთ. ახლა 8:20 საათია, 4 მარტი. ღამით თითქმის არ გვეძინა, დაუნდობლად გვბომბავდნენ. ეტყობა, ძალიან ახლოს არიან. შემზარავია იმის წარმოდგენა, რომ დავიღუპებით და მარტო დარჩები. მაგრამ დილაა უკვე და ცოცხლები ვართ. მადლობა ღმერთს, გაზი არის, სხვა არეფრი. გვიყვარხარ, თავს გაუფრთხილდი.
*
ახლა 9:30 საათია, ბინაში 5 გრადუსია, მაგრამ ჩვენ გავისარჯეთ და გავთბით. კიდევ ერთხელ გავიხარეთ, როცა ჩვენი მომარაგებული ნივთები ვიპოვეთ: ყუთი გირლანდებით, ელემენტები და ერთი ფანარი. ახლა შუქი გვაქვს. მოვილაპარაკოთ, რომ თუ ჩვენი მობილურები დაჯდა, 9 მარტს დღის 12 საათზე ბებიას ტელეფონზე დარეკავ – მაგ დროს ჩავრთავთ.
*
ასეთი საშინელება ტრიალებს. მე ყოველდღე მეშინია. მეშინიოა ხვალინდელი დღის. მეშინია, რომ დაგვბომბავენ და წყლის რიგში მდგარნი, დამალვას ვერ მოვასწრებთ.  და კიდევ, მარადიორების გვეშინია, რომლებიც პირველ დღეებში ყველა მაღაზიას ტეხავდნენ და ყველაფერს იპარავდნენ და გაჰქონდათ: სუნამოების ჩანთები, ვედროებით კომბოსტო, პამპერსები…

ჩვენი სახლიდანაც გაზიდეს ყველაფერი, ჩვენს კორპუსში მცხოვრებმა ნინამაც კი, რომელიც კატებს კვებავს ხოლმე. ღმერთო ჩემო, ამ ადამიანებს შორის ვცხოვრობდით, თურმე… ეს იმიტომ ხდებოდა, რომ პოლიციელები ფრონტზე იყვნენ, ახლა კი, მამამ ყური მოჰკრა, რომ პატრულირების საშუალება გაჩნდა,მათ იჭერენ და ტანსაცმელს ხდიან, რომ ტიტვლებმა იარონ.
ყველაზე მეტად იმ წუთის დადგომას ველოდები, როცა შემეძლება, გულში ჩაგიკრა. ნეტავ, როდის დადგება ეს დრო…

*
დღეს 10 მარტია, შვილო, ცოცხლები ვართ. წუხელ ***-ის სარდაფში გავათენეთ, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ 4 კაცი შეგვიფარეს. საშინელი აფეთქება იყო, სამშობიარო სახლში ბომბი ჩამოაგდეს თვითმფრინავიდან, ჩვენს სახლში სამზარეულოს ფანჯრები ჩაიმსხვრა და აივნის კარი ჩამოვარდა. ამ დროს ჩვენ საძინებელში ვიყავით.

როგორც მერე რადიოთი გავიგეთ, ბომბის დარტყმისგან 10 მეტრიანი ღრმული გაჩნდა. ჩვენ საღამურ ტანისამოსში გამოწყობილები, საერთო დერეფანში გამოვცვივდით და გავიფიქრეთ – ქა თუ ეს მოხდა, ბებიასთან, სახლს რას უზამდა? მამაშენი გავარდა ქუჩაში და მათ ფანჯრებს ახედა, იქ კი არაფერი იყო, ჩამოვარდნილი იყო ფანჯრები, ჩარჩოსთან ერთად.

ავიღეთ შესახვევი მასალები და სასწრაფოდ მათთან გავიქეცით, მადლობა ღმერთს, ბებია და **** ცოცხლები დაგვხვდნენ, ჩანთები ხელში ეჭირათ და ბინის ნანგრევებიდან გამოსვლას ცდილობდნენ.

მათი აივანი ჩავარდნილი იყო, კარები, ფანჯრები – ყველაფერი ჰაერში აიწია, დავტაცეთ ხელი მათ ჩანთებს და ჩვენთან წამოვიყვანეთ. ყველანი ვცახცახებდით.
*
გამარჯობა, შვილო, სარდაფში ვართ, დღითიდღე უარესდება სიტუაცია. თუ ადრე შესაძლებელი იყო, სახლში მაინც შეგვერბინა, ახლა პირველ სართულზე, ტუალეტში შესვლაც კი ძალიან საშიშია. წყალი და საჭმელი პრაქტიკულად არ გვაქვს, რაც გვაქვს, იმასაც ვერ ვამზადებთ, რადგან ეს ქუჩაში უნდა გავაკეთოთ, ეს კი ძალიან საშიშია.

ჩვენებმა რაღაც დანადგარი დააყენეს და ისვრიან, საპასუხოდაც მოფრინავენ ჭურვები, ცაში ფაშისტების თვითმფრინავები დაფრინავენ. წყალი მთავრდება, მაგრამ მის მოსატანად წასვლას ყველა ერიდება, საშიშია.

მამაშენი სანახევროდ მშიერია, ერთ ულუფას სამი კაცი ვიყოფთ. გუშინ ცოტა კარტოფილი ვიშოვეთ, მოგვქონდა და დაბომბვა დაიწყო, დავყარეთ და გავიქეცით, როცა სარდაფამდე მივედი, ხელ-ფეხი მიკანკალებდა, ცხარე ცრემლებით ვტიროდი.

ჩვენი ბინა სავალალო მდგომარეობაშია, დასაბრუნებელი აღარსად გვაქვს. შეშაც ცოტაა, არც გასათბობად გვყოფნის, არც საჭმლის მოსამზადებლად.
*
ჩემო ბიჭუნა, დღეს 17 მარტია, ისევ ჯოჯოხეთში ვართ, გვესვრიან ყველა დანადგარიდან, თვითმფრინავები დაფრინავენ, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია, ყველა შენობა იწვის. გუშინ ბომბი ჩამოაგდეს ფოსტის შენობაში, ის დაინგრა, სარდაფში კი უამრავი ადამიანი იმალებოდა, არავინ იცის, ცოცხლები არიან თუ არა.

რამდენჯერმე, სიცოცხლის რისკის ფასად, სახლში შევირბინეთ, რომ პროდუქტები და კანფეტები, სათბურები წამოგვეღო. სარდაფიდან ცხვირის გამოყოფისაც გვეშინია, ვდგავართ კუთხეში და ყველა ერთად ვლოცულობთ ხოლმე, როცა დაბომბვა იწყება…
_
შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.

წინა სტატიაბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანეს ეკლესიის კარები ჩაუკეტეს
შემდეგი სტატიაწულუკიანი ჟურნალისტს შეურაცხყოფს – “თქვენ უღირსი ტელევიზია ხართ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური