ოპოზიცია ხელისუფლებას სამმხრივ ალიანსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

0
267

დოკუმენტი გაფორმებულია – უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა უსაფრთხოების საკითხებში, ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის, სამმხრივი თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყეს.

დოკუმენტში წერია, რომ ბრიტანეთი და პოლონეთი დაეხმარებიან უკრაინელ ხალხს, დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ალიანსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მმართველ გუნდს უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს კონსულტაციები ალიანსთან მისაერთებლად, რადგან სტრატეგიული მიმართულებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი იქნება.

“მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, ღიად, საჯაროდ თქვას, თუ არის რაიმე სახის კონსულტაციები, თუ არ არის, რატომ არ არის და რას თვლის დაბრკოლებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოსთვის შესაძლებელია, ეს იყოს რეალური შანსი და შესაძლებლობა, ალიანსის წევრი გახდეს”, – თქვა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძე.

ოპონენტების აზრით, ხელისუფლების პასიურობა ადასტურებს, რომ “ოცნებას” არ სურს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და ისევ არგაღიზიანების პოლიტიკას აგრძელებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ალტერნატიული თავდაცვის და უსაფრთხოების კავშირების თუ ალიანსების ფორმატში გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. სწორედ ამას ემსახურება ის სამმხრივი ალიანსი, რომლის დაფუძნებაც მოხდა და რომელიც სავარაუდოდ, გაფართოვდება, შეიქმნება გარკვეულწილად ხიდი უსაფრთხოების. ვფიქრობ, ივანიშვილს ძალიან მყარად აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ჩუმად, სანამ არ გამოჩნდება, თუ რით დასრულდება ეს გეოპოლიტიკური კონფრონტაცია”, – ამბობს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, “ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება “სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით” იქნება მიღებული.

“ნებისმიერი ფორმატი, რაც იყო ან რაც იქნება, ბუნებრივია, განხილული იქნება ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, თუ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფო ინტერესი და შემდეგ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე, იქნება ეს მხარდაჭერა, რაც იქნება აუცილებელი უკრაინისთვის”, – თქვა მაჭარაშვილმა.

წინა სტატიაკასპის საკრებულოდან ძალადობრივი გამოყვანის შემდეგ, ოპოზიციამ შენობა დააბოქლომა
შემდეგი სტატიაგააღე ბოტანიკურის ჭიშკარი – ზუგდიდის ცენტრში ბანერი გააკრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური