მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმ ვიდეკადრების სრული ვერსიის სანახავად მივიდნენ, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული სახით გაავრცელა.
ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვიდეოკადრები, რომელიც მათ იხილეს, ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის N 18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და პატიმრების ე.წ. “შუმოკიც” ორკესტრირებული იყო.
,,რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი და უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში და ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის უფლება არ ჰქონდა გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, რომ უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე, ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. მერე შეყვანის კადრებია ძალიან მძიმე სანახაობა, ესეც ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება, ხან ა.შ. თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად და რაც მთავარია, ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ ე.წ. “შუმოკი”. ასევე უმძმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება, შენი აშენებული რომაა იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზე ანუ რაც დაიმსახურე, ის ხდებაო, – ამბობს ნიკა გვარამია.
ცნობილია, რომ გუშინ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ვიდეკადრებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.