დევნილი ხელგაწვდილი ბოგანო არ არის. დევნილს აქვს ღირსება. – პასუხი იაგო ხვიჩიას და ბევრ სხვას

0
325
აფხაზეთიდან დევნილი მალხაზ პატარაია პასუხობს  პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას,  რომელმაც დევნილების პრობლემებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც 30 წელია  თბილისში ცხოვრობს, რაღაცის გამო დახმარებას ითხოვს, არასამართლიანია.
,,არასდროს  მქონია დიდი სურვილი რაიმეში გამოვხმაურებოდი იაგო ხვიჩიას. იაფხარისხიანი მედროვეა. ასეთები ბევრი ყოფილან და იქნებიან. მაგრამ მისი ბოლოდროინდელი უგნური და უწიგნური სენტენციები ჩვენს შესახებ აშკარად ტრენდად ჩამოყალიბებისკენ არის ნაბიძგები იმათგან, ვისი სამსახურიც პარლამენტში შეკვეხებით ვალად დაიდო.
უბედურო იაგო, კანონით და საერთაშორისო სამართლით, რომელიც მგონია, რომ არ იცი, დევნილის სრული სახელწოდება არის იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი. სიტყვა ,,დევნილი“ მხოლოდ აზუსტებს იმას, რომ პირი იძულებით ადგილნაცვალია თავის სახელმწიფოში. ის არის ოკუპაციის, აგრესიის, საყოველთაო ძალადობის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო მუდმივი სახცოვრებელი ადგილიდან იძულებით წამოსული, გადარჩენილი და მხოლოდ ამ მიზეზების აღმოფხვრისა და ნებაყოფილებით, ღირსეულად სახელმწიფოს მიერ რესტიტუციის ვალდებულებების შესრულების პირობებში უკან დაბრუნებით უქმდება ეს სტატუსი.
ეს ელემენტარულია. ამიტომ, როდესაც ამბობ, რომ ადამიანი, რომელიც 30 წელია თბილისში ცხოვრობს დევნილად არ უნდა იწოდებოდეს, ეს ნიშნავს, რომ იმავდროულად ამბობ: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა ითვლებოდეს ოკუპირებულად რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, არ მომხდარა ქართული მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა, არ არებობს ყოველივე ამის მსხვერპლი. ერთი სიტყვით, არ არის იგპ-დევნილი, არ არის პრობლემა რუსეთისთვის.
დევნილთა სიმდიდრეს შუწუხებიხარ. როდესაც 2018 წლიდან ხელისუფლება დევნილებისთვის ყოველთვიურ შემწეობას გვიუქმებდა, ცალკე ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ცალკე ჩვენს მეგობრებთან ერთად ,,ევროპული საქართველოდან“ კანონპროექტიც მოვამზადეთ დევნილთა მძიმე სოციალური ყოფის არსებითად გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი წინადადება იყო კანონით დადგენილი 1250-ლარიანის შემოსავლის ზღვარის გაუქმება, რომლის იქით დევნილს შემწეობა ჩერდება. მას ეკონომიკური და სტატისტიკური დასაბუთებაც ჰქონდა.
ჰოდა, ამ ოფიციალური სტატისტიკით დევნილთა რაოდენობა, რომლის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1250 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 1000 ლარს) არის, გაგიკვირდება და, სულ 9000 პირი ანუ საერთო რაოდენობის 3% და ამათი სიმდიდრე გაფორიაქებს.
კანონია ასეთი, რომელიც, საფიქრებელია, არც გსმენია-,,სოციალური მუშაობის შესახებ“. მანდ ტერმინთა განმარტებაში ჩამოთვლილია სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფები. მაგალითად: სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არასრულწლოვანი, მარტოხელა მშობელი, უსახლკარო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი. მათ შორისაა იძულებით გადაადგილებული პირიც. ეს იმას ნიშნავს, რომ დევნილი სხვასთან შედარებით, არა მარტო ცალკე, არამედ ორმაგად და უფრო მეტადაც არის სოციალური საფრთხის ქვეშ მყოფი, რადგან მოიცავს სხვა ყველა დანარჩენსაც და გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით.
შენ გაქვს სახლი ზუგდიდში, რომელშიც როდესაც გინდა დაბრუნდები და იცხოვრებ ჩვენ გვაქვს სახლები აფხაზეთში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უკან დაბრუნება.
შენ გყავს იქ ახლობლებლები და ნათესავები, რომლებსაც როდესაც გინდა მოინახულებ. ჩვენ-არა. შენი ოჯახის წევრებიდან და ახლობელ-ნათესავებიდან არავინ დაუხვრეტიათ, ცეცხლში არავინ ჩაუყრიათ, გავარვარებულ ღუმელზე არ შეუსვამთ, ჭებში ცოცხლად არ ჩაუმარხავთ, კოლუმბიური ჰალტუხები არ გაუკეთებიათ, თავები არავის დაუჭრიათ და ფეხბურთი არ უთამაშიათ, უღელტეხილზე არ გადმოსულან და გეტოებში სამი ათეული წელია არ უცხოვრიათ. ალბათ ასეა.
როდის შეიწუხე ბოლოს თავი ამ საკაცობრიო დანაშაულის ორგანიზატორების და შემსრულებლების დასჯის საქმეზე, როდის თქვი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ის უკედაგანო უსამართლობაა, რომელიც თავზე დაგვატყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები ვართ, 30 წელია ამით ვცხოვრობთ-სამართლიანობის დაუოკებელი წყურვილით.
ის ნამდვილად სწორია, რომ დევნილები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქონება დაგვკანონდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩალის ფასად გავანიავოთ ჩვენი უპატრონო სახლ-კარები, საიდანაც ყველაფერი, რაც დავტოვეთ, დიდი ხნის გაზიდულია მტრის მიერ და ნანგრევებად არის ქცეული. არამედ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამყარდეს აფხაზეთსა და ცხინვალში, საქვეყნოდ იურიდიულად დადგინდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო იცავს და დაიცავს დევნილთა ქონებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, ავრცელებს სამოქალაქო კოდექსსა და საჯარო რეესტრის კანონს, საქართველოს საკადასტრო კოდებს მათზე, ამ რეგისტრაციების საყოველთაოდ ცნობილი, სავალდებულო უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციით და ხელუხლებლობით.
ამით კიდევ ერთხელ, ყველა ქვეყანისთვის სახელმძღვანელოდ და სავალდებულოდ (მათ შორის რუსეთისთვისაც, რადგან რეესტრის ჩანაწერი მათთვისაც ასეთად ითვლება) დაადგინოს ყველა ადრე არსებული მანიპულაციების ბათილობა დევნილთა ქონებაზე, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ერთადერთი და უპირობო მესაკუთრეები და მოთხოვნის უფლების მქონე პირები. წინასწარი რეგისტრაციით არის ეს მოფიქრებული, რაც გამორიცხავს რაიმე იძულებით ტრანზაქციას, მაგრამ უზრუნველყოფს ამ ქონების მეკვიდრეობით გადაცემას.
კანონმდებლობა ამის შესახებ არსებობს, კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია, თუმცა არ სრულდება.
თქვენ არ იცით, მაგრამ არის ასეთი კარგად ცნობილი ,,ქვაჩახიას საქმე“- დევნილების 4 უძრავი ქონება რამდენიმე წელია ელოდება რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, სასამართლო პროცესებიც მოგებულია, მაგრამ არ არეგისტრირებენ, არ უნდათ რუსებს რაიმე პრობლემა შეუქმნან.
დაბოლოს, კარგად დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი: დევნილი ხელგაწვდილი ბოგანო არ არის. დევნილს აქვს ღირსება. მისი უპირველესი მოთხოვნა არის დეოკუპაცია, ქვეყნის გამთლიანება და უკან დაბრუნება, რაც სხვა ყველაფერთან ერთად სწორედ ჩვენი ისევე როგორც მთელი საქართველოს უმძიმესად შელახული ღირსების საკითხია. ეს კი საოკუპაციო ზოლზე შარვალ-ნიფხავ ჩახდილი, მტრისთვის მოშიშვლებული უკანალის ჩვენებით აშკარად ვერ მიიღწევა. სწორედ ეს არის ძალიან დიდი განსხვავება ჩვენსა და შენს შორის.”
წინა სტატიაშალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს
შემდეგი სტატიათქვენ ვერასდროს გაიგებთ, რა შეგრძნებაა ღამის ორ საათზე, განგაშის შემზარავი ხმის ფონზე, ლაღი ბავშვობის დასრულება… უთბილესი მშობლიური სახლის მიტოვება…
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური