მეორე სემესტრში დისტანციური სწავლება ისევ ათასობით მოსწავლემ მოითხოვა

0
57

2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ონლაინ სწავლების რეჟიმში სწავლების მსურველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, 14 იანვრის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 5156 მოსწავლე. დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრაციისთვის კვირაში მხოლოდ ერთი დღე, ხუთშაბათია გამოყოფილი. შესაბამისად, სასწავლო წლის მეორე სემესტრის პირველ კვირას სახლიდან 5156 მოსწავლე ჩაერთვება.

განათლების სამინისტროს ინფრომაციით, ვინც პირველ სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმში რეგისტრაცია გააუქმა 6277-მა მოსწავლემ, თუმცა მეორე სემესტრის პირველ კვირას სახლიდან მაინც ათასობით მოსწავლე ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესს.

სკოლებში სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათს, 17 იანვარს უნდა დაიწყოს და როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, მიუხედავად საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის მკვეთრი გავრცელებისა, არდადეგების გახანგრძლივების ან სასწავლო პროცესის აღდგენის გადავადების რეკომენდაციას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯერ არ გასცემს, თუმცა საკითხს საკოორდინაციო საბჭოს წევრები სიტუაციის შესაბამისად დაუბრუნდებიან.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

წინა სტატიაევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ბიუჯეტის ფულით მანქანაში ავზზე მეტი მოცულობის საწვავი 863-ჯერ “ჩაასხეს” – აუდიტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური