2019 წლის 19 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, საკუთარ სახლთან დაჭრეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს ამ დრომდე უწყვეტად გადის.
საგულისხმოა, რომ მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში ცოტნე გამსახურდიას გვერდითაა მისი მეუღლე, ანა ჯაბაური, რომელიც პროფესიით ექიმია. ანა და ცოტნე თვეების მანძილზე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. თურქეთისა და გერმანიის წამყვან კლინიკებში მკურნალობის შემდეგ კი, ექიმების რეკომენდაციით, საქართველოში დაბრუნდნენ, რადგან მედიკოსებმა მიიჩნიეს, რომ რეაბილიტაციის პროცესში, ცოტნესთვის მშობლიურ გარემოში ყოფნა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
საგულისხმოა, რომ ცოტნე გამსახურდიას ამ დრომდე არ მიეცა კოლხურ კოშკში, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნების საშუალება. მიზეზი, ალბათ, ყველასთვის ცნობილია და ზვიად გამსახურდიას ვაჟი ამჟამად წეროვანში, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
ანა ჯაბაურმა „ვერსიას“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ გიორგი გამსახურდიამ კოლხური კოშკი სასამართლოს ძალით დაიბრუნა და მალე ცოტნე მშობლიურ სახლში დაბრუნებას შეძლებს. ამ და სხვა დეტალებზე გთავაზობთ ინტერვიუს ცოტნე გამსახურდიას მეუღლესთან:
– როგორია ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა, სად ცხოვრობთ და რა პირობებში გადის რეაბილიტაციის პროცესს?
– ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ ეპილეფსიური სტატუსით გართულებამდელ მდგომარეობას ვერ მივაღწიეთ, ანუ ჯერ ლაპარაკი არ დაუწყია, მაგრამ ინტენსიურად ცდილობს. ისევ ვიმყოფებით მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში და ცოტნეს რეაბილიტაციას უტარებენ მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო-სარეაბილიტაციო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
– როგორც ცნობილია, ცოტნეს კოლხურ კოშკში დასაბრუნებლად, გიორგი იძულებული გახდა, სასამართლო დავა მანანა არჩვაძესთან ჰქონოდა. ეს ინფორაცია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?
– დიახ. სამწუხაროდ, ცოტნეს საკუთარ სახლში დასაბრუნებლად გიორგი გამსახურდიას სასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდა. საბედნიეროდ, სასამართლომ სამართალი აღადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგის მამისგან დანატოვარი კოლხური კოშკის ნახევარი დაუბრუნდა (მეორე ნახევარი ცოტნეს ეკუთვნის), რის შედეგადაც ცოტნეს საკუთარ სახლში ცხოვრების საშუალება მიეცა. ასევე უნდა აღსრულდეს ზვიად გამსახურდიას დანატოვარი ერთადერთი ანდერძი – მან საკუთარი ქონება მხოლოდ ცოტნესა და გიორგის უანდერძა (აქვე აღვნიშნავ, რომ მესამე შვილი – კონსტანტინე, მან სიცოცხლეშივე უზრუნველყო ბინით, მანქანითა და სხვა საარსებო საშუალებებით). გარდა ამისა, ახლა სამივე ძმას საშუალება მიეცა, საკუთარი სურვილისა და მისიის შესასრულებლად – აქციონ კოლხური კოშკი მუზეუმად და მნიშვნელოვან კულტურულ-შემეცნებით ცენტრად.
– რამდენად მნიშვნელოვანია ცოტნე გამსახურდიასთვის მშობლიურ სახლში ცხოვრება მისი რეაბილიტაციის პროცესში?
– ცოტნესთვის კოლხურ კოშკში დაბრუნება იქნება უზარმაზარი პოზიტიური ბიძგი და ძვრა წარმატებული რეაბილიტაციისათვის, რამეთუ მას განსაკუთრებული სიყვარული და მიჯაჭვულობა აქვს საკუთარი სახლისა და კარ-მიდამოსადმი. ყველა მისი ახლობელია ამის მოწმე – ყოველ მტკაველ მიწას ამუშავებდა, ალამაზებდა, ეფერებოდა; რგავდა ახალ-ახალ ნარგავებს, ჩაყარა 180 ძირი ვაზი, რომელსაც თოთო ბავშვივით უვლიდა და ელოლიავებოდა ( სამწუხაროდ, ეს ვაზი დღეს აღარ არსებობს, აჩეხილია და კოცონზე დამწვარი). გერმანელი პროფესორებიც მუდმივად გვირჩევდნენ და გვიხსნიდნენ მე და ცოტნეს ძმებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საავადმყოფოებში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, მისთვის საკუთარ სახლსა და გარემოში დაბრუნება. ახლაც ვეკონტაქტები მათ და ვერ ვეუბნები, რომ მათი რეკომენდაციის შესრულების საშუალება აქამდე არ გვეძლეოდა. დამეთანხმებით, ურთულესი ასახსნელი და გასააზრებელ-გასაგებია ყოველივე ეს.
–როგორ ფიქრობთ, რამდენად დაემორჩილება მანანა არჩვაძე სასამართლო გადაწყვეტილებას?
– სხვის მაგივრად პასუხს მე ვერ გაგცემთ, მსგავსი კითხვები, ალბათ, თავად ადრესატს უნდა დაუსვათ.
– გასაგებია… ხომ არ გეგმავთ რეაბილიტაციისთვის ისევ საზღვარგარეთ გამგზავრებას?
– ცოტნე 18 თვე მკურნალობდა თურქეთისა და გერმანიის წამყვან კლინიკებში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ კლინიკათა პროფესურის რეკომენდაციით დავბრუნდით საქართველოში და უახლოეს პერიოდში არსად წასვლას აღარ ვაპირებთ. ახლა სახლში დაბრუნების დროა. ცოტნეს რეაბილიტაცია კი გერმანელი და აქაური რეაბილიტოლოგების შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს კიდევ უფრო ინტენსიურად, ვიდრე ეს თურქეთსა და გერმანიაში ხდებოდა.