პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ისინი კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.
ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე. როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით და ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალი წელს ან რაიმე სახის სხვა ბარიერებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, გარანტიას ვაძლევთ, ასე არ მოხდება. – თქვა ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების მორიგი დაკავებებით. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით და დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში.
დღეს ყველა პოლიტიკოსი საქართველოში იმის მოლოდინშია, რომ ან შეიძლება დაგიჭირონ, ან იძალადონ. არათუ ვერ გაგვტეხს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები”.
ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია სრულად უჭერს მხარს ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და TV პირველის დამფუძნებელს, ავთო წერეთელს, რომელთა სასამართლო პროცესი ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება.
დროას ლიდერი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სამოქალაქო თანხმობის შესახებ და თქვა, რომ ოპოზიცია ამ პროცესში ჩასართავად მზად არის.