სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიხეილ ღონღაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალით გამოყენებით შეიყვანეს.
როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა აღნიშნა, სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადადიოდა, რა დროსაც ის ძალით გამოიყვანეს.
“მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. ის პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადმოდიოდა და ის მანქანიდან ძალით გამოიყვანეს”, – განაცხადა ღონღაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი აპროტესტებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას და ამ დრომდე აგრძელებს შიმშილობას.
“სააკაშვილი მოვინახულეთ. გავესაუბრეთ. აპროტესტებს გლდანის ციხეში გადმოსვლას. აგრძელებს შიმშილობას. სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა. უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე…
გადმოიყვანეს სასწრაფოს ავტომობილით. ის იმყოფება იზოლირებულ პალატაში. მის პერიმეტრზე პატიმრები არ არიან”, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.