ქართველი ხალხი არასდროს დაემონება მონებს. ჩვენ არასდროს ვიქნებით ბიძინა ივანიშვილის მონების მონები,-ასე მიმართა ოპერის მომღერალმა, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
როგორც მან ზუგდიდში აქციაზე განაცხადა, მათი მიზანი ყოველთვის იქნება თავისუფლება და წინსვლა.
„მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ჩემო პრეზიდენტო, ვერ გეტყვი, რა უნდა გააკეთო, უნდა იშიმშილო თუ როგორ უნდა გამოხატო შენი მდგომარეობა, მაგრამ ვიცით, რომ უკან დამხევი არ ხარ და ერთ რამეს გეუბნები ჩვენი სახელით, ქართველი ხალხი არასდროს დაემონება ბიძინა ივანიშვილის მონებს. ჩვენ არასდროს ვიქნებით მონების მონები, ჩვენთან ყოველთვის იქნება თავისუფლება და წინსვლა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი შეფასებით, 30 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„რაც შეეხება 30 ოქტომბერს, ჩემო მეგობრებო, თუ წინათ, ქართველი ადამიანი ხმლით იცავდა სამშობლოს, დღეს ჩვენ კალმით და საღი აზრით უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე იმიტომ, რომ საქართველო ძალიან ცუდ დღეშია“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, მან დღეს პარტია „ქართული ოცნების“ შეკრებაზეც ისაუბრა და მას „ფსკერი“ უწოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ სადამდე მიიყვანა ქრისტიანი ადამიანი, ციხეში, თუნდაც არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ვინმე რომ იჯდეს ერთი ადამიანი ციხეში, ის სცენიდან უწმაწური სიტყვებით მოიხსენიო და ქრისტიან ადამიანს ამაზე ტაში დააკვრევინო, ეს არის ფსკერი ბატონებო, რაც ჩვენ ვნახეთ. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ეს კიდევ განმეორდეს. ეს უნდა იყოს ამ მავნებელი მთავრობის ბოლო გაფართხალება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.