,,ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე ”- მიხეილ სააკაშვილის წერილი საპატიმროდან

0
252

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მესამე პრეზიდენტის წერილი მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ წაიკითხა:

,,არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილი, სადაც გვყვანან არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები.

უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან ოცნება თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს.

მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

P.S. – და კიდევ ერთი, ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუსი ავრცელებს, არის სრულიად დასაიგნორებელი, ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებასა და ერთმანეთზე გადაკიდებაზე.

ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა და სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

წინა სტატია“ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას” – უახლოეს დღეებში ენმ თბილისში ხალხმრავალ აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიაეუთოს მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა – კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური