ის, რომ საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას ვერ მიიღებს, გარკვეულწილად, სანქციის ფორმაა

0
329

24 აგვისტოს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, “მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში”

მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ღარიბაშვილმა ბოლონდემაინც ვერაფერი გაიგო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ პრემიერმინისტრის განცხადება ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის არაღებაზე, ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლას.

“ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე (სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მაგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს: ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ; მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკშენკოზაციის ფონზე”, — წერს დეკანოიძე.

ამ თემაზე ისაუბრეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც. ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დახმარების მეორე ნაწილის აღებაზე უარის თქმა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლობაა. ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით კი, ის, რომ საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას ვერ მიიღებს, გარკვეულწილად, სანქციის ფორმაა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება.

მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას “ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”. დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, “მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად”.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: უნდა ავიღოთ მაგალითი სხვა ერებისგან, ვინც დაიცვა თავი და მოახერხა უზურპატორებისგან განთავისუფლება.
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური