,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებულია”- თალიბანის პირველი პრესკონფერენცია

0
347

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის მოპოვების შემდეგ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ჩაატარა. პრესკონფერენციას თალიბანის სპიკერი ზაბიჰულაჰ მუჰამედი გაუძღვა.

დაჯგუფების სპიკერი რამდენიმე თემას შეეხო:

ქალთა უფლებები

ქალთა უფლებების საკითხს მუჯაჰიდმა “ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

“ისლამური საამირო მხარს უჭერს ქალთა უფლებებს, შარიათის ფარგლებში.

ჩვენს დებს… იგივე უფლებები აქვთ, შეეძლებათ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. შეეძლებათ სხვადასხვა აქტივობები სხვადასხვა სფეროებსა და დარგებში, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა დარგებში, ჩვენი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

ისინი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ჩვენს მხარდამხარ და თუ საერთაშორისო საზოგადოება წუხილს გამოთქვამს, გვინდა დავარწმუნოთ, რომ ქალთა წინააღმდეგ არანაირი დისკრიმინაცია არ იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რაც გაგვაჩნია” – ამბობს მუჯაჰიდი ქალთა უფლებებზე.

1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთის დიდ ნაწილს თალიბანის მთავრობა მართავდა, ქალთა უფლებების მხრივ უმძიმესი ვითარება იყო.

 

მედია

მუჯაჰიდის თქმით, თალიბანი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. მაგრამ, მისი თქმით: “მედიის მუშაობის დროს არაფერი უნდა იყოს ისლამური ღირებულებების წინააღმდეგ, შესაბამისად, როდესაც მედია აქტივობას ეხება საქმე, გათვალისწინებული უნდა იყოს ისლამური ღირებულებები”.

ასევე, მან თქვა, რომ მედიამ არ უნდა იმუშაოს ეროვნული ღირებულებების ღირებულებებისა და ეროვნული მთლიანობის წინააღმდეგ.

“როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ სხვაობებს, რელიგიურ სხვაობებსა და დაპირისპირებებს, ისინი არ უნდა იქნეს წახალისებული მედიის მიერ, მათ ეროვნული მთლიანობისთვის უნდა იმუშაონ, რათა წყნარად და ძმურად ვიცხოვროთ ერთად” – ამბობს მუჯაჰიდი მედიასთან დაკავშირებით.

 

“ყველას ვპატიობთ”

თალიბანის სპიკერის თქმით, დაჯგუფება ყველა ავღანელს პატიობს ომის ქმედებებს და ისინი შურისძიებას არ აპირებენ.

“მინდა ყველა თანამოქალაქე დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, ისინი თარჯიმნები იყვნენ, ჩართული იყვნენ სამხედრო მოქმედებებში, თუ მოქალაქეები იყვნენ, ყველა მათგანი შეწყალებულია. არავიზე იძიებენ შურს.

არ გვსურს ქვეყანა დატოვონ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, ვინც აქ გაიზარდნენ. ისინი ჩვენი ინვესტიციები არიან, ვისურვებდით აქ დარჩენილიყვნენ და ემსახურათ.

არავინ მოგიკაკუნებთ კარზე და არ ჩაგეძიებათ ვისთვის მუშაობდით” – თქვა მუჯაჰიდმა.

მიუხედავად იმისა, რომ მუჯაჰიდი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ შურს არ იძიებენ, ქაბულის უბნებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მცხოვრებს, სწორედ ისე ადგებიან სახლის კართან, როგორ ამას თალიბანის სპიკერი აღწერს.

ამასთან დაკავშირებით, მუჯაჰიდმა დაამატა, რომ ის თალიბები, ვინც კარდაკარ დადიან, მოძალადეები არიან, მათ შემთხვევებს გამოიძიებენ და განდევნიან.

 

ავღანეთის ტერიტორიის გამოყენება სხვა დაჯგუფებების მიერ

დაჯგუფების სპიკერის  თქმით, ავღანეთის ტერიტორიას სხვა სახელმწიფოებზე თავდასასხმელად ვერავინ გამოიყენებს.

“მსურს საერთაშორისო საზოგადოება დავარწმუნო, შეერთებული შტატების ჩათვლით, რომ არავინ დაშავდება” – ამბობს თალიბანის სპიკერი.

“ავღანეთში, მსურს ჩვენი მეზობლები დავარწმუნო, არ დავუშვებთ ვინმემ ჩვენი ტერიტორია ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს” – ამბობს მუჯაჰიდი.

ავღანეთის მეზობელი ქვეყნებისა და არა მხოლოდ მათი შიში არის ის, რომ ავღანეთი ტერორიზმის თავშესაფრად იქცევა. ამ საკითხთან დაკავშირებით თალიბანის დელეგაციამ ისაუბრა რუსულ და ჩინურ მხარეებთან, ამ ქვეყნებში ვიზიტის დროს.

 

თავისუფლება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა

“თავისუფლება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ყველა ერის ლეგიტიმური უფლებაა” – ამბობს თალიბანის სპიკერი.

“ვიცით რომ ძალიან რთული პერიოდი და კრიზისები გამოვიარეთ, ოკუპანტების სასარგებლოდ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული… გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ავღანეთი კონფლიქტის ზონად, ბრძოლის ველად აღარასდროს იქცევა.

ჩვენ ყველას ვაპატიეთ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. არ გვსურს არანაირი კონფლიქტის, არანაირი ომის გამეორება” – ამბობს თალიბანის სპიკერი.

 

“ქაბულთან გაჩერებას ვგეგმავდით”

მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფება ქაბულის კარიბჭესთან გაჩერებას აპირებდა, მაგრამ რადგან “წინა ადმინისტრაცია ასეთი არაკომპეტენტური იყო”, ისინი ქალაქში შევიდნენ “უსაფრთხოების უზრუბველსაყოფად”. მისი თქმით, უცხოური საელჩოების უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

“ქაბულის მოქალაქეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი უსაფრთხოება გარანტირებულია” – ამბობს მუჯაჰიდი.

წინა სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის შესაცვლელი
შემდეგი სტატიასაგარეო უწყების ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური