გალობა ჟანგბადის ნაკადის მისაღებად აუცილებელ სუნთქვის რიტმს მთავაზობდა- განკურნებული კოვიდპაციენტის მოგონებები

0
319

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე ერთერთია მათგან, ვინც კოვიდი მძიმედ გადაიტანა, არ დანებდა და განიკურნა. ის კლინიკის რეანიმაციაში გატარებულ ჯოჯოხეთურ დღეებს იხსენებს. მისი მოგონება რადიო “თავისუფლებამ” გამოაქვეყნა.

მარინე ბერიძე წერს, რომ კოვიდინფიცირების დროს სიცოცხლის პულტი არა იმდენად ექიმების, რამდენადაც პაციენტის ხელშია – უნდა შეასრულო ყველა მითითება, დრო უნდა მისცე ექიმს იმისთვის, რომ გადაგარჩინოს, არ უნდა დანებდე, არ უნდა დაუშვა, რომ მოკვდები.

მარინე ბერიძე წერს, რომ არაფრის თქმას არ აპირებდა იმ დღეებზე და იმაზე, რომ ჰგონია, გარდაცვლილთა უმრავლესობა, უბრალოდ, დანებდა, რადგან იცის, რა მძიმე იქნება ამ ყველაფრის წაკითხვა მისთვის, ვინც ახლობელი დაკარგა. იხსენებს, რომ ახლობელს დაურეკა და სთხოვა, ეგალობა. მისი თხოვნის შესრულების შემდეგ თავადაც აჰყვა და გრძნობდა, როგორ დაუამდა ზურგი, რომელიც მანამდე სტკიოდა. მიხვდა, რომ გალობა სუნთქვის ისეთ რიტმს სთავაზობდა, რომელიც ჟანგბადის მეტი ნაკადის მიღებას უზრუნველჰყოფდა.

მარინე ბერიძე წერს ასევე, რომ მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა ამ ყველაფრის გახსენება, რომ ხედავს, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, აცრაზე უარის თქმა “კოლექტიური თვითმკვლელობის მაგვარი” გადაწყვეტილებაა.

“ოდიშინიუსი” გთავაზობთ ფრაგმენტებს მარინე ბერიძის მოგონებებიდან.

“მარინე ამბობს, რომ იქ სხვა სამყაროა, რომლის შესახებ „აქეთ ცხოვრებაში“ არაფერი იციან. რა შეიძლება გვიამბონ გადარჩენილებმა? რა ხდება, როდესაც კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმდება?

უმეტესობას ჰგონია, რომ რაკი ჟანგბადის ნიღაბს მოარგებენ, სუნთქვის პრობლემა უმალ მოიხსნება, დაახლოებით ისე – ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმისას სითხე თავისით რომ გააჯერებს ორგანიზმს. ეს დაავადება იმიტომაც არის ძალიან ვერაგი, რომ ექიმის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად „თანამშრომლობს“ პაციენტი.

შენი სიცოცხლის პულტი თავადვე გიჭირავს ხელში – შენ უნდა ჩაისუნთქო და შენ უნდა ამოისუნთქო. სუნთქვა შენი მთავარი საქმე უნდა გახდეს – ყველა კუნთი, სასიცოცხლო ენერგიის ყველა იმპულსი სუნთქვისთვის უნდა იყოს მობილიზებული.

მქონდა განცდა, რომ ავადმყოფობას კი არა, ცოცხალ არსებას ვებრძოდი. სხვებიც ამასვე ამბობენ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სუბიექტური აღქმა არ არის. როგორც კი თვალს მივლულავდი, ვგრძნობდი, რომ დაავადება მერეოდა. იქ, პაციენტი რომ გამოაფხიზლონ და მოდუნების საშუალება არ მისცენ, კარნახობენ: ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ამოისუნთქე!..

რაღაცნაირად მივხვდი, რომ ეს რიტმი, ექთნებისგან ნაკარნახევი, არ იყო საკმარისი და რამენაირად უნდა მეცვალა. ახლობელს დავურეკე. ვთხოვე, ეგალობა. მახსოვს დიდი პაუზა და შეკავებულ ტირილნარევი ხმა მეორე მხარეს. ალბათ ეგონა, ვკვდებოდი. მე კი დაჟინებით ვითხოვდი, რამე ეგალობა. თუნდაც „ღირს არსი“. დაიწყო გაბზარული ხმით. მეც ავყევი ჩუმად. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამითბა და დამიამდა ზურგი, რომელსაც მანამდე თითქოს ზუმფარის ქაღალდით მიხეხავდნენ. მართალია, უძილო, ტკივილით გატანჯული, უჰაერობით გადაქანცული ვიყავი, მაგრამ გონება მქონდა აბსოლუტურად კაშკაშა. დავიწყე ანალიზი: რა იყო ეს? რითი მეხმარებოდა გალობა? მარტო მლოცველის ეგზალტაციად ამას ვერ ჩავთვლიდი, არა ვარ მაგ ყაიდის ადამიანი და არც მაგ სიმაღლის მორწმუნე… მივხვდი, რომ სუნთქვის რიტმი, რომელსაც გალობა მთავაზობდა, მეხმარებოდა ჟანგბადის მეტი ნაკადის მიღებაში. რამდენიმე ადამიანი მირეკავდა და მიგალობდა დღის განმავლობაში, ჩემი თანამშრომლის შვილებმა, არაჩვეულებრივმა გოგონებმა ჩანაწერიც კი გამომიგზავნეს.

ასე „მივხვდი“, რომ სუნთქვის სტრატეგიები უნდა „დამემუშავებინა“ და ამ ხერხით „მომეტყუებინა“ საშინელი არსება, რომელიც თითქოსდა გაუჩერებლად მომდევდა და რომელსაც მეც ასევე გაუჩერებლად გავურბოდი. და აი, სწორედ მაშინ, როცა ის „წამომეწეოდა“ და თითქოს მისი სუნთქვა ყურში მესმოდა, მე ვიწყებდი რამე ახალი, მისთვის უცნობი მელოდიის რიტმით სუნთქვას.

მე არ მიგრძვნია, რომ ვკვდებოდი. არ დამიშვია. არ გამიფიქრია, რომ მეტი არ შემიძლია. უბრალოდ, დიდი მობილიზებით წარვმართავდი ჩემს სუნთქვას.

მერე მითხრეს ექიმებმა, რამდენჯერმე მოვამზადეთ ინსტრუმენტები თქვენი ინტუბირებისთვის, მაგრამ რაღაც სასწაულით მდგომარეობიდან გამოდიოდითო.

მე ვნახე ათეულობით ადამიანი, რომელიც ვერ გადარჩა. ვფიქრობ ხოლმე, ცოტა რომ მოენდომებინათ, მეც უფრო კარგად ამეხსნა, რომ ეგრძნოთ საკუთარი ძალა…

დღესაც მიკვირს, რატომ უჭირდათ პაციენტებს მუცელზე წოლა და რატომ აღიქვამდნენ ასე მტკივნეულად, როცა პერსონალი მათ პირდაღმა გადაბრუნებას სთხოვდა. როცა პირდაღმა წევხარ, ფილტვები თავისუფლდება ზეწოლისაგან და სუნთქვა გიადვილდება. შემიძლია დავიფიცო, რომ ასე სუნთქვა კოვიდიანისთვის დაახლოებით 80%-იანი შეღავათია, როგორც იმ კონკრეტულ მდგომარეობაში, ისე გადარჩენის შანსების მხრივ. მახსოვს, ლევან რატიანმა თავისებურად დამიმარცვლა: 8 საათი პირ-ჩა-ღმა! და მე ვიწექი 12 საათი ასე. ხელები წინ გაშლილი, მკერდქვეშ ბალიშამოდებული.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩემი სუბიექტური განცდების განზოგადება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანები ჩემს ირგვლივ კი არ კვდებოდნენ, უბრალოდ, ნებდებოდნენ… აღარ აგრძელებდნენ ბრძოლას. მეც ბევრჯერ მომინდა თავის დადება, გატრუნვა და ბალიშისთვის მინდობა სიცოცხლის ნარჩენების.

ვიცი, მძიმეა ამის მოსმენა. არ არის სასიამოვნო და ბევრი ტკივილიც ახლავს მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, 7 თვე გავიდა და გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. იქნება ვინმეს გამოადგეს ეს გამოცდილება.

ჩემ ირგვლივ ბევრმა წაართვა ექიმებს გადარჩენის შანსი იმით, რომ ისტერიკას მისცა თავი, არცერთი მითითება არ შეასრულა, უძვირფასესი წუთები დაკარგა ჩხუბში, იმის მტკიცებაში, რომ თვითონ უკეთ იცის, როგორ ისუნთქოს, ასე ურჩევნია, ისე პირი უშრება, მუცელზე არ დაწვება და ა. შ.

წარმოიდგინეთ მიჯრით ჩაწყობილი საწოლები. რამდენი ვიყავით, არ დამითვლია, მეშინოდა დათვლა, მაგრამ რამდენიმე ათეული ვიქნებოდით. მიცვალებული რომ მეწვა გვერდით, სანამ გაიყვანდნენ, ცოტა მკვეთრი მოძრაობისას ლამის ხელით ვეხებოდი. მძიმე იყო, ადამიანებს ვესაუბრებოდი, მათ სახელს ვიგებდი და მერე ახლობლებს ვურეკავდი, ამ სახელზე ილოცეთ-მეთქი და უცებ… თან რეკავს ეს აპარატურა, მუდმივად რეკავს, რაღაც კოსმოსურ ხმებს გამოსცემს. ბოლოს ამ ხმაზეც ვხვდებოდი, ვისი მდგომარეობა მძიმდებოდა. შემდეგ ჩამოაფარებდნენ შირმას, რომ არაფერი დამენახა და მიყავდათ.

ახლა რომ ამბობენ ხოლმე ვინმეზე, კოვიდით გარდაიცვალაო, ვიცი, სიტყვა „გარდაიცვალა“ ფაქტობრივად ქორწილია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად მათი წასვლა ნიშნავს. ეს არის დიდი ტანჯვით წასვლა.

ერთადერთი შიში, რაც ამ ავადმყოფობამ დამიტოვა, არის შიში იმისა, რომ ვინმე ახლობელზე არ გავიგო, რომ რეანიმაციაშია კოვიდის გართულების გამო. სამწუხაროდ, ეს შიში უსაფუძვლო არ არის.

ხანდახან მშურდა კიდეც მათი, ვინც გათიშული იყო და ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. ძალიან დიდი გაუცხოებაა შემდეგ სიცოცხლესთან, აქეთა ცხოვრებასთან, დაახლოებით ისეთი, რუსთაველზე რომ გაგანია ომი იყოს და „კოლმეურნეობის მოედანზე“ ვიღაც ქორწილს იხდიდეს. რომ გამოვედი, 24 დეკემბერი იყო, ხალხი ორ შობაზე და ორ ახალ წელზე კამათობდა ისევ… და უკან შებრუნება მომინდა, მივხვდი, ამ სამყარომ არაფერი იცის იმაზე, რაც იქ ხდება და არც არაფერი უნდა გაიგოს.

წყარო

წინა სტატიალონდონში ტაუერის ხიდი ისევ გაჭედილია
შემდეგი სტატიაჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები – ჯანდაცვის მინისტრი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური