არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას უნდობლობას უცხადებენ

0
332

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რომლის მიხედვითაც არჩევნები არ გაყალბებულა, უნდობლობას უცხადებენ.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დაგვიანებული იყო და არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხი უნდა გაცემულიყო მაშინ, როცა ლეგიტიმური კითხვები არსებობდა. ამასთანავე, ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ კომისიის მთავარი მიზანი საქმის ობიექტური გამოძიება არ ყოფილა.

“საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ თავითვე იყო დაგვიანებული, იმიტომ რომ ის შეკითხვები, რომლებიც არსებობდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხი ამ შეკითხვებზე უნდა გაჩენილიყო მაშინ, როცა არსებობდა ლეგიტიმური კითხვები. ასევე, შეფასებაშიც ცხადია, ვერ დავეთანხმებით, როდესაც კომისიამ მიგვიწვია ჩვენ, მათ პირველივე შეხვედრაზე გვითხრეს, რომ მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაემტკიცებინა, რომ 2020 წლის არჩევნები კარგად ჩატარდა და არ ყოფილა პრობლემები, შესაბამისად, როგორც მიზანი იყო მათი, პასუხიც, რა თქმა უნდა, ასეთივე დადეს და მათი მიზანი არ ყოფილა, რომ გამოეძიებინათ და ობიექტური დასკვნები დაეწერათ”,- თქვა ნინო დოლიძემ.

სამოქალაქო პლატფორმა “2020”-ის წარმომადგენელი, თენგო თევზაძე საგამოძიებო კომისიას ფორმალურს უწოდებს და ამბობს, რომ მის მუშაობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თევზაძის თქმით, დასკვნაში საუბარი არ ყოფილა იმ ორგანოებზე, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარებულიყო.

“მათ განახორციელეს ფორმალური ქმედებები, ე.წ თითქოსდა მოჩვენებითი ხმის გადათვლა, რომელსაც აწმყოში არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ეს დასკვნა შესრულებულია ძალიან დაბალი სტანდარტით. რეალურად იქ საუბარი არ არის, იმ პასუხისმგებელ ორგანოებზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე, სახელმწიფოს იმ სტრუქტურებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე. მიზანი კვლავ არის ის, რომ ხელისუფლებამ როგორმე შეძლოს უფრო მეტი ლეგიტიმაცია შესძინოს 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებს”,- თქვა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება გუშინ 26 ივლისს მიიღო.

დასკვნაში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და ძირითადი თავისუფლების პრინციპის დასკვნით ჩატარდა. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმებში.

წინა სტატიასამართალდამცავების ცემისთვის ხობში 2 სპორტსმენი დააკავეს
შემდეგი სტატიაავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო გახდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური