საქართველოში იწყება სამხედრო წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის მონაწილეობით

0
499

დღეიდან საქართველოში იწყება მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ – Agile Spirit 2021, ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედროს მონაწილეობით.

წვრთნებს ატარებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ევროპის და აფრიკის სარდლობა.

სწავლებაში, რომელიც 6 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის ძალების სამხედროების გარდა მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები.

სწავლება, რომლის გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“, მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას და მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში “მტკიცე სული”, რომელიც წელს მეათედ ტარდება, პირველად მიიღებს მონაწილეობას ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, გასულ კვირაში საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზით ჩამოვიდნენ ამერიკელი სამხედროები და შეერთებული შტატების არმიის საბრძოლო ტექნიკა.

მრავალეროვნული წვრთნის სცენარი მოიცავს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებითა და საჰაერო-სადესანტო ოპერაციებით და გაერთიანებულ ოპერაციებში სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას.

Agile Spirit-ის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება კომბინირებული საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, წლევანდელი “მტკიცე სული” მოიცავს ხუთ ადგილს – სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორია, სორტა/ეკის საწვრთნელი ბანაკი, ორფოლოს პოლიგონი, ვაზიანის პოლიგონი და ვაზიანის სამხედრო აეროდრომი.

წინა სტატიასარდინიაზე ტყის ხანძრები მძვინვარებს – იტალია ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვას
შემდეგი სტატია1 264 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური