ვაქცინაცია შესაძლოა კლინიკებში ცოცხალი რიგითაც იყოს შესაძლებელი – გამყრელიძე

0
322

დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობას „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაცია უკვე 24 ივლისიდან შეეძლება. მისივე თქმით, მომავალში, ონლაინ ჯავშნის გარდა, ვაქცინაცია შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც დაიწყოს.

„ნახევარი მილიონი დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. თავისუფლად შეიძლება უკვე, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. „ფაიზერი“ კეთდება ორჯერ, 21 დღეში, 21-დან 28 დღემდე კეთდება მეორე ინექცია. 250 ათასი ადამიანი, პირველ ინექციაზე უკვე ხვალიდან შეიძლება ჩაეწეროს 20 დღის განმავლობაში, 21-ე დღეს დაიწყება მათთვის მეორე ინექციები. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი სწრაფი ინტერვენცია, რომ ჩვენ შევაკავოთ ეპიდსიტუაციის ის მზარდი გაუარესება, რაც ქვეყანაში გვაქვს.

ახლა ეს ნახევარი დოზა ვაქცინა გადადის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საცავებში. „ფაიზერს“ სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, სჭირდება შენახვა -80 გრადუსზე. ის განაწილდება ხვალ ჩვენს დეპარტამენტში. მისი ვარგისიანობის ვადა არის ნოემბრის ბოლომდე, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ვაქცინა ნოემბრიც ბოლომდე გამოვიყენოთ. მისთვის ერთხელ გალღობა შეიძლება -8 გრადუსიდან. პირობები ახლა შეიცვალა, თუ თავდაპირველად მხოლოდ 5 დღე გვქონდა მისი გამოყენების უფლება, ახლა 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გალღობის შემდეგ, ეს ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე, ანუ ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე შეინახოთ. დისტრიბუციისთვის ეს უფრო ადვილიa. ჩვენ თუ პირველად აცრებს მარტო სამ ქალაქში, – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ვატარებდით, ახლა ეს იშლება უკვე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. დაახლოებით, 37 კლინიკით და 108 ბრიგადით ვიწყებთ და მერე თანდათან დაემატება.

მთავარია ხელმისაწვდომობა იყოს, რაც შეიძლება ფართო. გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ, რომ დაჯავშნონ ტელეფონით, ანდა შემდგომში შეიძლება ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, ვაქცინაციის იქით ჩვენ გზა არ გვაქვს, ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წინა სტატია„ფაიზერის“ პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან გაიხსნება
შემდეგი სტატიააეროპორტში დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, რომელსაც 2 კილოგრამამდე კოკაინი შემოჰქონდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური