საპატრიარქო 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს – ჯაღმაიძე

0
303

საპატრიარქოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქო 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. 5 ივლისს ქაშუეთის ეკლესიასთან აქცია სწორედ საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ გაიმართა. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში აქციაზე სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა.

ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასულიერო პირები ძალადობრივ მოწოდებებს არ აკეთებდნენ და ასეთი “მხოლოდ ერთი იყო”, თემაზე საუბრისას ასევე გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებებსაც, რომელიც 5 ივლისს ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებდა: “მერე, რა რომ მეუფე იაკობი რუსთაველზე [იყო], მეც ვიყავი რუსთაველზე”- თქვა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე ასევე ამტკიცებს, რომ რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციები საპატრიარქოს მიმართ ძალადობაა.

“საპატრიარქომ რატო უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა?… ძალადობას ახლა ვხედავთ ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე, ვერ ხედავთ რა ხდება? იქ არის ძალადობა. საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა”,- თქვა ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაღმაიძე გამოეხმაურა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასაც. ჯაღმაიძე დარწმუნებულია, რომ ლაშქარავა რუსთაველზე მიტინგებს არ შეუერთდებოდა.

“მე თქვენ გეტყვით, რომ დღეს ლექსო იქ არავის აღარ აინტერესებს, უმეტესობას არ აინტერესებს. მას [ლექსო ლაშქარავას] უნდოდა პატრიარქთან მოსვლა, დღეს წესს აუგებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა”,- თქვა ანდრია ჯაღმაიძე.

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს დაანონსებული ღირსების მარში არ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ქაშუაეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებთ კი რუსთაველზე გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. რადიკალური დაჯგუფებების თავდაასხმების შედეგად ჯამში 53 ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

წინა სტატიათქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა ეგ პასუხისმგებლობა – ვანის და ბაღდადის მიტროპოლიტი ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური