ლექსო ლაშქარავას ოჯახი და კოლეგები ეთხოვებიან, დღეს მას მამის გვერდით დაკრძალავენ

0
283

„ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სახლთან მისი კოლეგები და ახლობლები არიან შეკრებილები.

პროკურატურის ვერსიის არ სჯერათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს. ისინი პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებენ და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ლექსო ლაშქარავას დედა ამბობს, რომ პროკურატურა თავისი ვერსიებით გარდაცვლილის სახელის წაბილწვას ცდილობს. ლაშქარავას დედა ამბობს, რომ ის ნარკოტიკების ზედოზირებით არ გარდაცვლილა.

​”ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თაიასთვის? რატომ? ასე ცაში აყვანილი, ყველა გიჟდებოდა და რას, რომ მის შვილს…

ჩემთვის ნარკომანზე უფრო საზიზღრობა არ არსებობს, ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე. ნარკომანი? ეს სახელი? ჩემ შვილს რატომ?”, – თქვა ლექსო ლაშქარავას დედამ.

11 ივლისს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ლაშქარავას გარდაცვალებაზე შუალედური დასკვნა გაასაჯაროვეს. პროკურატურის ვერსიით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება ყოფილიყო.

ოპერატორის ოჯახს, 5 ივლისის მოვლენებისას დაშავებულმა „პალიტრანიუსის” ოპერატორმა რომა ტარუღიშვილმა მიუსამძიმრა.

„პალიტრანიუსის” ოპერატორის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და ყველა დამნაშავე დაისჯება.

„ჩვენ ერთ პალატაში ვიწექით. მახსოვს, ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ვუყვებოდით ერთმანეთს რა და როგორ მოხდა. ასეთი საშინელი ფაქტი არ მსმენია. ლექსოს უზომოდ უყვარდა თავისი საქმე. ადამიანი, რომელიც ამდენმა ადამიანმა სცემა ერთად – აქ თუ შეიძლება კითხვა დასვა როგორ გარდაიცვალა, ჩემი აზრით, ეს კითხვა საერთოდ ზედმეტია. ძნელია, გამოძიებას ენდო, მაგრამ იმედი მაქვს გამოიძიებენ სრულად და ვინც კი დამნაშავეა შესაბამის სასჯელს მიიღებს”, – განაცხადა „პალიტრანიუსის” ოპერატორმა.

ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.

წინა სტატიამოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი სეტყვა და ქარი
შემდეგი სტატია,,ლექსო დიდი დანაკარგია საქართველოსთვის” – მესამე პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ჟურნლისტის ოჯახსა და კოლეგებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური