ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობენ – ლომჯარია

0
269

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას წარსულის შესახებ სხვადასხვა პირების მიერ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებები ობიექტური გამოძიების ნაცვლად ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობენ.

“ამაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა და შეაფასა, როგორც პერსონალური მონაცემების უფლების დარღვევა, და მიმაჩნია, რომ ნამდვილად, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორც წარსულში, ახლაც დაზარალებულ და გარდაცვლილ ადამიანს შეულახონ რეპუტაცია. ეს იყო რეალურად ამის მიზეზი.[…]

როგორ ჩანს, ამჯერადაც სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ არა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას და ორგანიზატორების, შემსრულებლების და წამქეზებლების დასჯას, არამედ დისკრედიტაციას ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პირების მიერ ლექსო ლაშქარავას ნასამართლეობის, შემაკავებელი ორდერის გამოცემისა თუ დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-ში ორი ბრიფინგი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უწყების წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, გამოძიებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ, თავად ბრიფინგზე საზოგადოებას ნარკოტიკების ზედოზირებისკენ მიანიშნებენ.

კერძოდ, შსს-მ გუშინდელ ბრიფინგზე ახსენა, რომ ლექსო ლაშქარავა ფონიჭალაში გადაადგილდებოდა. ამას გარდა, უწყებამ გაასაჯაროვა ლაშქარავას გადაადგილების კადრებიც.

11 ივლისს “ტვ პირველის” ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, სახლში გარდაცვლილი ნახეს. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა.

წინა სტატიაჩვენი სტუდიები გადმოვა რუსთაველზე, უნდა გადადგეს ღარიბაშვილი – ჟურნალისტები რუსთაველზე იკრიბებიან
შემდეგი სტატია“უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად” – ლომჯარია ღარიბაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური