სენაკში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბეთლემთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი სიჩქარით მიმავალი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. მანქანა ადგილზევე აალდა.
ავარიის შედეგად სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკის კლინიკა “სენამედში” გადაიყვანა.
პაციენტების მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.