ორ ივლისს საქართველოში აღინიშნება აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე და ეს დღე სიმბოლურად ემთხვევა ტამიშში დესანტის გადმოსხმის დღეს.
რა მოხდა 1993 წლის 2 ივლისს?
1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა და იერიში მიიტანა ქართულ სამხედრო ძალებზე, ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნველყობდა. ამ დღეს ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა.
დესანტმა ცაკირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო. დუშეთის ბატალიონმა, ”მხედრიონმა”, ”ავაზამ”, შავნაბადის ბატალიონმა და ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნულმა გვარდიამ, 10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა. მაშინ ქართველი სამხედროები გმირობის მაგალითს იძლეოდნენ და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც ძირითადად რუსებით, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებითა და აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი.