დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლებს შემაჯამებელი ანგარიში უნდა წარუდგინოს.
დეპუტატებს კითხვები ძირითადად პანდემიის მართვასთან, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ.
,,ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული და მწარე კითხვები, რომელზეც პრემიერ-მინისტრს პასუხის გაცემა მოუწევს, – მთავარი არის ერთი – რატომ ხდება, რომ ბოლო 9 წელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ყოფა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრებულ ჩინოვნიკებს, გამდიდრებულ „კლანის“ წარმომადგენლებს, „კლანურ“ სასამართლოს და ყველაფერს იმისთვის, რომ მორგებული იყოს ყველა სახელმწიფო სისტემა მხოლოდ ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე.- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა
,,.ეს იქნება ძალიან სიანტერესო ანგარიში და ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად სპეკულაციებისა, ინტერესით დაელოდონ პრემიერის ამ საინტერესო გამოსვლას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აინტერესებს, როგორ ხედავს პრემიერი ქვეყნის განვითარების საკითხს.
„საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან ბევრი დეტალი აინტერესებს, რომელიც უკავშირდება ანგარიშს, სამომავლო გეგმებთან და ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული“, – განაცხადა კობახიძემ.