2008 წელი, გორის დაბომბვა Iskander-M/SS-26-ით – ევროსასამართლოს უკვე ნივთმტკიცებაც აქვს

0
575

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმიანება ევროსასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის სარჩელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო და წერს, რომ 2008 წელს გორში ჩამოგდებული “ისკანდერის” ნარჩენები ქართულმა მხარემ მოიძია და 2017 წელს ქვეყანაში ჩამოიტანა, ხოლო აშშ-მა ეს ნარჩენები ნივთმტკიცების სახით წაიღო, როგორც რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დამამტკიცებელი სამხილი.

“რომ არა წარსულში ამ საკითხზე ჩატარებული კვლევა, თავს უფლებას ვერ მივცემდი ისკანდერზე, მ.შ. მის ტექნიკურ მახასიათებლებზე მესაუბრა”, – წერს ნონა წოწორია.

ევროსასამართლო და ისკანდერი

“2011 წლის 13 დეკემბერს ევროსასამართლოს მეხუთე პალატამ მეორე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდგ დასაშვებად ცნო, 2012 წლის 3 აპრილს კი საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. სწორედ ამის შემდეგ განსაზღვრა სასამართლომ საქმის განხილვის სტრატეგია და იმ ინციდენტების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის ფაზას შეაფასებდა.

2008 წლის 12 აგვისტოს გორი “ისკანდერით” დაიბომბა. მხარეებს შორის შეპასუხება ძირითადად 2015-16 წლებში მიმდინარეობდა, მოწმეთა დაკითხვების მოსამზადებლად, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გაიმართა. შესაბამისად, “ისკანდერის” ნარჩენების, როგორც მტკიცებულების საკითხი ამ პერიოდში დადგა დღის წესრიგში. ნამდვილად კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ ისინი საქართველოში დააბრუნა, დაახლოებით 2017 წელს. სხვა დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ.

რაც შეეხება ისკანდერს:

12 აგვისტოს, გორის დაბომბვისას გამოყენებული იყო კასეტური ბომბებით აღჭურვილი ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი “ისკანდერი” (ნატოს დასახელება – SS26-Stone). მისი სიგრძე 7.3 მეტრია, დისტანცია 500კმ-ზე მეტი, კოდი 9M723. ჯერ მისი საექსპერტო, ხოლო შემდეგ მოდერნიზებული ვერსია (M) გამოუშვეს. ტესტირება დასრულდა 2004 წელს და 2007 წელს ფორმალურად გადაეცა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში.

2007 წლის 1 იანვარს სარაკეტო ჯარების მე-60 საბრძოლო მომზადების ცენტრში, კაპუსტინ იარის (ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში) საცდელ პოლიგონზე შეიქმნა 630-ე საწვრთნელი სარაკეტო ბატალიონი, რომელსაც აღჭურვილობაში ჰქონდა 4 “ისკანდერი”. იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი დანაყოფი, რომელსაც ისკანდერი ჰქონდა შეიარაღებაში და მისი გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნდა. ომის დროს გასაშვები პლატფორმა სავარაუდოდ დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის მდებარეობდა, საიდანაც გორამდე მანძილი 240 კმ-ია.

ისკანდერთან კავშირში განიხილება 2004-08 წლებში რუსეთის მცდელობა გასულიყო საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის 1987 წელს დადებული საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების ს ხელშეკრულებიდან (Intermediate-Range Nuclear Forces (INF) Treaty), რადგან ცხადი იყო, რომ ისკანდერის კომპლექსი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულებას. ისკანდერის სისტემის შეუთავსებლობას INF ხელშეკრულებასთან ამყარებს ის ფაქტი, რომ ამ შეიარღების არცერთი პროექტი საჯაროდ მოხსენიებულიც კი არ ყოფილა.

წყაროები პირდაპირ მიუთითებენ, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთს პირველად მიეცა შესაძლებლობა, ისკანდერი საომარ პირობებში გამოეცადა.

მხოლოდ ამით შეიძლება აისხნას ასეთი იშვიათი და ძვირადღირებული ტექნიკის გორში გამოყენება, სადაც ამის სამხედრო საჭიროება არ არსებობდა, რადგან ქართული შეიარაღებული ძალები იმ დროს უკვე ქალაქში არ იმყოფებოდნენ და ის ფაქტობრივად დაცლილი იყო მოსახლეობისგან.

ყველაფერ ამ ფონზე დიდი ანალიტიკური აზროვნება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რატომ შეიძლება აშშ-ს მთავრობა ისკანდერის ნარჩენების საქართველოდან წაღებით დაინტერესებულიყო”, – წერს ნონა წოწორია.

შეგახსენებთ, რუსული სამხედრო ძალებმა გორის ცენტრალური მოედანი Iskander-M/SS-26 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა.

მთავარ ფოტოზე: გორის ცენტრი, 2008 წლის 12 აგვისტო.
ქვედა ფოტოზე: ნონა წოწორია

წინა სტატიაკორუფცია საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებში და ქრთამები – DRI ენგურის ხიდზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა
შემდეგი სტატია24 ივნისის ქრონიკა – გარდაიცვალა 17 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური