ჩვენი ინფორმაციით, საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია – გომელაური ესებუაზე

0
271

“ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ესებუა საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია და იმედია, სწორია ეს ინფორმაცია, ჩვენ მას ვეყრდნობით”, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუას შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

“რომ ვიცოდეთ, ზუსტად სად არის, აქმდე დავაკავებდით”, – თქვა მან მედიის დამატებითი შეკითხვების შემდეგ.

მინისტრი ამბობს, რომ ბადრი ესებუას დაკავება მისთვისაც და შსს-სთვისაც “ღირსების საკითხია” და ცდება, ვისაც ჰგონია, რომ სამინისტრო ხელს უწყობს ესებუას, ან მალავს მას.

“ეს ღირსების თემაა. ასეთი რაღაცა დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ. კი, იყო რაღაც თემები, თუმცა… სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი ჰყავდა აყვანილი მძევლად. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც შეიძლება ჰგონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ“ – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუას შესახებ კომენტარი ცოტა ხნის წინაც გააკეთა, როცა ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად არის ბადრი ესებუა, უპასუხა: “ვიცით სადაც არის – ისვენებს”.

წინა სტატიასაქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარაჭაში, დედის დაკრძალვაზე ჩასული “ქართული ხმების” სოლისტი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური