პროკურატურა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
258

საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია პირველის მიერ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, უწყება ამტკიცებს, რომ ყველა ჩანაწერს რედაქტირების კვალი აღენიშნება და მიღებულია მონტაჟის გზით.

“მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიოჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიოჩანაწერები. ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო- თუ ვიდეომასალა, შესაძლოა, დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე, რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიოჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიოჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.

ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიოჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს”. – წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, მონტაჟის პროცესში გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. უწყების მტკიცებით, მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.

საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერებში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა გაასაჯაროვა, ივანიშვილი მინისტრებს არ ახსენებს და სიტყვა რედაქტირებით არის მიღებული.

“ჩანაწერებში სიტყვა “მინისტრები” საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები “მილი” და “სტები”, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები”. – წერია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ჩანაწერები 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდშია გაკეთებული და ის მოდელირებული და გაყალბებულია.

“2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით. დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ექსპერტიზით დაადგინეს, რომ მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 13-18 წლის. უწყების ცნობით, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლის, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლის.

“კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყურადებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედიასაშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.

წინა სტატიაათენში ქალი, რომელიც 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს, ქართველი ყაჩაღების კი არა, მისი ქმრის მოკლული აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასტრასბურგმა გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური