8 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაობლებულ ბავშვებს ყოველთვიური დახმარება დაენიშნებათ – ამის შესახებ “ოდიშინიუსს” გერმანიის ქალაქ ბონში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მარიკა მეგრელიშვილმა უთხრა. ორი ოჯახი ყოველთვიურად 100-100 ევროს მიიღებს.
თანხის შეგროვების ინიციატივა სწორედ მარიკა მეგრელიშვილსა(მარი მეგრელი) და მის მეგობრებს ეკუთვნით. როგორც მარიკა მეგრელიშვილი ამბობს, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ გელა ხვადაგიანი ჰანოვერიდან, მისივე სამეგობრო წრით, ასევე ადამიანები, რომლებისგანაც საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ან/და სხვა პრობლემების წინაშე მდგარ ადამიანებს თანადგომა არაერთხელ ახსოვთ, მათ შორის: პაატა ბოლოთაშვილი, თეონა ჯიბუტი, ლანა ბუაჩიძე და სხვები.
მარიკა მეგრელიშვილის თქმით, თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ დაობლებულთა მეურვეებს სახლის/ბინის ყიდვაში დახმარებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან საცხოვრებლად, გადაწყდა, ოჯახებისთვის ყოველთვიური დახმარების ორგანიზება მომხდარიყო:
“ენგურის ტრაგედიამ ყველამ, მათ შორის გერმანიაში ჩემმა სამეგობრომაც განვიცადეთ. პირველი იდეა ის იყო, რომ ბინის ყიდვაში მივხმარებოდით მეურვეებს, უფრო გვეგონა, რომ ბავშვებს ენგურს გამოღმა, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე წამოიყვანდნენ. ჰანოვერიდან გელა ხვადაგიანმა დამირეკა და მითხრა, რომ უკვე ხაზზე იყო ზუგდიდთან და საჭიროებებს არკვევდა. მერე მოვილაპარაკეთ, რომ უკეთესი გამჭვირვალობისთვის GUFUNDME-ს პლატფორმაზე მოგვეგროვებინა ფული.
ეს თანხა სამეგობრო წრიდანაგროვდა, ისეთი ადამიანებისგან, ვინც ყოველთვის მზადაა გაიღოს რაღაც უკეთესობისთვის და იმის გამოც, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს. ასეთთა შორის არიან მაგალითად, პაატა ბოლოთაშვილი, თეონა ჯიბუტი, ლანა ბუაჩიძე. ჩემმა ბონელმა მეგობრებმაც იყოჩაღეს და გელას ჰანოვერის სამეგობრომაც.
ეხლახანს გავარკვიეთ რომ ბავშვები გალში რჩებიან და იქ იზრდებიან. ვიფიქრეთ ერთჯერად დახმარებას, ჯობია ყოველთვიურად შევუწყოთ ხელი. ორივე ოჯახს 100-100 ევროს გავუგზავნით სანამ გავწვდებით. 8 თვის ფული გვაქვს უკვე და დანარჩენის თავმოყრისთვის დრო გვაქვს”, – უთხრა “ოდიშინიუსს” მარიკა მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ოპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ენგურზე დაიღუპნენ 62 წლის თამაზ ბასლანძე და 30 წლის თამუნა ცატავა, ასევე ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალია. ამ ტრაგედიის შედეგად ერთმა ბავშვმა დედ-მამა, ხოლო ორმა – დედა დაკარგა. ენგურის ტრაგედიის გამო 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.