ქართულ ლექსიკონში არსებული სიტყვათა მარაგი ვერ გადმოსცემს იმას, რაც გადავიტანეთ, მხოლოდ თვალის დაკარგვაზე არ ვამბობ, სახის ცალ მხარეს ძვლები საერთოდ არ მქონდა და თუ რამე მაქვს, იცოდეთ, ყველაფერი გადანერგილია… 20 ივნისს ვერ წაშლით – ასე მიმართა 2019 წლის 19-20 ივნისს დაზარალებულმა გიორგი სულაშვილმა 24 მაისს, პარლამენტის წევრებს, როცა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამნისტიის განხილვაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მივიდა.
მისი თქმით, ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა და მაინც მივიდა განხილვაზე. გიორგი სულაშვილმა დეტალურად გაიხსენა 20 ივნისის ღამე და განაცხადა, რომ ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. აქტივისტის თქმით, გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ გაისმა, რაც “ხალხს თვალები დათხარეს და დააბრმავეს”. მისი აზრით, დამნაშავეა როგორც ბრძანების გამცემი, ასევე ის, ვინც ჩახმახს ხელი გამოჰკრა.
“მინდა ყველამ იცოდეთ, რომ 20 ივნისი არასდროს წაიშლება. თითოეული იქ დაზარალებული ადამიანი არის მსხვერპლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გავრილოვი ჩამოიყვანეს. ჩემი პოზიცია არის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისში მიუძღვის წვლილი” – განაცხადა გიორგი სულაშვილმა მოსმენაზე. მასთან ერთად კიდევ ერთი დაზარალებული, დავით ხვადაგიანი იმყოფებოდა.
გიორგი სულაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადატანილი ოპერაციებიც გაიხსენა:
რვა ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე მაქვს, იცოდეთ, რომ გადანერგილია. მხოლოდ თვალის დაკარგვაზე არ არის ლაპარაკი, ცალ მხარეს არაფერი მქონდა. ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო, რა გადავიტანეთ. დღესაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალები ამოგვთხარეს, – მოჰყავს აქტივისტის სიტყვები “ნეტგაზეთს”.
შეგახსენებთ, 24 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, რომელიც, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, დარბევაში მონაწილე პოლიციელებსაც უნდა შეეხოს, რასაც 20 ივნისის ღამეს დაზარალებულები და ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს.