ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია დედის სიკვდილის მიზეზების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ის განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს და საგამოძიებო უწყებისგან ის ია კერზაიას საქმეზე შეწყვეტილი ძიების გაგრძელებას და საქმის მასალების საფუძვლიან შესწავლას სთხოვს. შენგელია გიორგი გახარიას დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან მისი თქმით, სწორედ ექს-პრემიერის ხელმოწერაა განკარგულებაზე, რამაც კერზაიას სიკვდილი გამოიწვია.
„მე ვთხოვ პროკურატურას დაიწყოს ხელახალი გამოძიება, დაკითხოს გიორგი გახარია, როგორც ბრძანების გამცემი პირი, იმ ბრძანების, რომელსაც მოყვა დედაჩემის გარდაცვალება. მის გუნდში არის ალექსანდრე მოწერელია, რომელიც საქმეზე დაკითხულია როგორც ერთ-ერთი მოწმე და ამ გარემოებით, რომ ეს გახარიას გუნდშია, კიდევ ერთხელ დასტურდება მათი კავშირი და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ია კერზაიას საქმეზე ისინი ორივე ერთდროულად მოქმედებდნენ“- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.