შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას არ შეუწყონ ხელი. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”,— ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.- ნათქვამია განცხადებაში.
დაპირისპირება და დაძაბულობა დმანისში გუშინ 16 მაისს დაიწყო -მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. დღეს დაპირისპირება განახლდა