გორში გახარიას კადრებს პოსტები დაატოვებინეს

0
266

გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს. მათი განცხადებით, პოსტების დატოვება აიძულეს. ელიჯარაშვილი და ივანიშვილი აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

“მინდა გავაკეთო განცხადება და გაცნობოთ, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და ვტოვებთ ამ თანამდებობებს. მმართველ პარტიას კი მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც უკვე აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ, გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა გორის მერის კიდევ ერთმა მოადგილემ, თუმცა არც პაატა ივანიშვილს დაუკონკრეტებია, ვისი მხრიდან იყო თანამდებობის დატოვების მოთხოვნა.

“დაჟინებით მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობებს, უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, ჩემს გორელებს – ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში, თქვენს გვერდით, ჩვენ ვუერთდებით ბატონ გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პაატა ივანიშვილმა.

თანამდებობას ტოვებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილიც.

“პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას. გუშინ, დღის ბოლოს მქონდა შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზვიად ქურდაძესთან. ზვიადმა მთხოვა, რომ დამეწერა განცხადება და წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან, მე მივხვდი, რომ ეს ზვიადის გადაწყვეტილება არ იყო ეს ნიშნავდა პარტიულ გადაწყვეტილებას, ამიტომ, მე ნამდვილად ვერავის ვერ შევუქმნიდი პრობლემას და დღეს დილით თავად დავწერე განცხადება და დავტოვე თანამდებობა. რაც შეეხება მიზეზს, მე მიზეზი მისთვის ნამდვილად არ მიკითხავს”, – განაცხადა ზურაბ როსებაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა როსებაშვილი, რომ შეუერთდეს ყოფილი პრემიერის გუნდს, ხაშურის მერის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნულ გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა, ამ ეტაპზე პასუხისთვის მზად არ არის.

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი უარყოფს, რომ მისმა ორმა მოადგილემ თანამდებობა თავის ნებით დატოვა.

მერის თქმით, ისინი მან გაათავისუფლა, რადგან ბოლო პერიოდში “გარკვეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ”.

“ადამიანები, რომლებიც დღეს გათავისუფლდნენ, ბოლო პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში ეწეოდნენ გარკვეული პიროვნების რეკლამირებას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. იმის მაგივრად, რომ ამდენი გამოწვევები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და მათ თავისი საქმე ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებული. ამიტომ, იცით, რომ მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა გააჩნია, ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ ასეთ მაღალ თანამდებობაზე. […] ჩემი ბრძანებით არიან გათავისუფლებულები”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

წინა სტატიაყაზანის სკოლაში თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. დაღუპულია თერთმეტამდე ბავშვი
შემდეგი სტატიანიკა მელია: აქ სხვა კოლეგა პარტიების ოფისებთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა გამოიჭედოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური