მთავარი ჭკვიანი თანამედროვე ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი გახდა.ადამაშვილი “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია. “მთავარ ჭკვიანში”, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ადამაშვილმა 50 ათასი ლარი მოიგო.
ბექა ადამაშვილი დაიბადა თბილისში 1990 წელს. 2007 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მისი ადრეული მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში. ერთ–ერთი მოთხრობა, სახელწოდებით “წვიმის წვეთი” შევიდა ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოში.
2009–დან 2013 წლამდე ბექა მუდმივად აქვეყნებდა სატირულ–იუმორისტულ სტატიებს საკუთარ ბლოგზე (www.doin.ge), ცხოვრებისეულ და სოციალურ თემებთან დაკავშირებით. მისი ბლოგები განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში. როგორც ბლოგერმა, მან გაიმარჯვა მრავალ კონკურსში.
2013 წელს ბექა ადამაშვილმა მონაწილეობა მიიღო „შემოდგომის ლეგენდის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც დაწერილმა მოთხრობამ „XXVIII: წერტილი“, პირველი ჯილდოც მოუტანა. [1]მისი სხვადასხვა მოთხრობა გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალებში, მათ შორის „ცისკარში“ და „ანეულში“.
2014 წელს ბექამ დაწერა პირველი რომანი – „ბესტსელერი“, რომელიც მისი თქმით არის „სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა“ ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ – ნერვებს.
ბესტსელერი, რომელიც არის სატირა ლიტერატურულ კლიშეებზე, მალევე გახდა პოპულარული ქართულ საზოგადოებაში და მოხვდა ისეთ ლიტერატურული პრემიების შორთლისტში, როგორებიცაა: „საბა“ და „წინანდლის პრემია“. ბექა ადამაშვილი დღესდღეობით სცენარისტად მუშაობს ცნობილ პოლიტიკურ–სატირულ შოუში სახელად „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური ამბები“.