,, მოვუწოდებ ენმ-ს ხელი მოაწეროს დოკუმენტს მას შემდეგ, რაც მელია დატოვებს ციხეს” – მიხეილ სააკაშვილი

0
259

ექსპრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. სააკაშვილი ამბობს, რომ მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემთ, რომ მოემზადონ თვითმართველობის არჩევნებისთვის, რაც “რეფერენდუმია ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად”. სწორედ ამ დროს ჩამოსვლის ჰპირდება ის მხარდამჭერებს.

“ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან. ისევე, როგორც გიორგი რურუა, ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტმატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამციერებელი პირობების, გაუგებარი გირაოს გარეშე ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ამ პირობებით საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთახნმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი”, — განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შეთანხმების პუნქტი – თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს დაინიშნოს, “პრაქტიკულად, რეფერენდუმია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე”. 

და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ, ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის, უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი. 

მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის, მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი”, — განაცხადა მან.

წინა სტატიააშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს შეთანხმების მიზნების მიღწევაში
შემდეგი სტატია“სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს” – გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური