აშშ-EU: მოვუწოდებთ პარლამენტარებს მიშელის შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერონ

0
256

აშშ-ს საელჩო საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადებას ავრცელებს

“თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს.”

დღეს 17:00 საათზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება. 

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან. 

ცოტა ხნის წინ საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობილი განცხადებით მიესალმნენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის განახლებას. 

“მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას”. – ნათქვამია განცხადებაში

წინა სტატიასაქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა შეისწავლის
შემდეგი სტატიაბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური