ოპოზიციამ რომ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, უნდა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზეც

0
433

ოპოზიცია ეხმაურება არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქართული ოცნება მზადაა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ დანიელსონის დოკუმენტს პარტიამ ხელი მოაწეროს, უნდა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზეც.

“ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, ქართულ ოცნებას მოუწია კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს ეხება, მაგრამ ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს ორი მთავარი საკითხია პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც იყო ნაწილი 8 მარტის შეთანხმების და ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს”, — თქვა მინაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობა დროს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

“თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალოდ ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველია პოლიტპატიმრების საკითხი, რურუას, ნიკა მელიას საკითხი. არჩევნებზეც ქართული ოცნება ამბობს, 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო.

ვროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართულმა ოცნებამ წნეხის გამო უკან დაიხია, მაგრამ არასაკმარისად. მისი თქმით, 3 პუქნტზე უკვე შეჯერებული არიან და დარჩენილია 2 — პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი.

“ამ წნეხის ქვეშ ოცნებამ უკან დაიხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისად. 3 პუნქტზე შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი გეგმიდან რომ შეჯერდა პოზიციები, ეგ გასაგებია, მაგრამ არის 2 პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფალი და პოლიტიკური დევნა შეწყდა. ამაზე საერთოდ არაფერი არ უთქვია, ბუნდოვანი იყო თალაკვაძე.

და ვადამდელ არჩევნებზე აქ მან დაუშვა პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ, ოღონდ რაც არის გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტესტი ახსენა 40%-ის მმართველი პარტიის აღების მხრიდან. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, რომ ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ, ან იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს იყოს ვადამდელი არჩევნები და არა 40%, 60%-ის წინააღდეგ. რა ლოგიკაა იმაში, რომ 40%-ის პოზიცია ძლევდეს 60%-ის აზრს იმაზე, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება თუ არა.

სამ პუნქტზე თუ შეჯერებულად ჩავთვლით ვითარებას, ახლა 2 პუნქტზე უნდა შევჯერდეთ და ბოლომდე გონს უნდა მოვიდეს ივანიშვილი და მისი გარემოცვა”, — განაცხადა მან.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს და დარჩა ბოლო რაუნდი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების შესათანხმებლად.

“ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით — პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა”, — წერს ხაზარაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს, პარტია არ ეთანხმება მასში აღნიშნულ ხუთივე პუნქტს და ამ ფორმით ხელს მაინც არ მოაწერს.

“ჩვენ გვექნება ელჩებთანაც კომუნიკაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უბრალოდ, ფრაზებით ვერ დასრულდება. დანიელსონის შემოთავაზება იყო ამ სამ პუნქტზე ხელმოწერა და იმ ორ პუნქტზე გაგრძელება მსჯელობის. დაველოდებით მათთან კომუნიკაციას. ამ ფორმით, ამ დოკუმენტს, ნამდვილად, ხუთივე პუნქტს, არ მოეწერება ხელი. იმ სამ პუნქტზე ჩვენც მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ, მაგრამ, ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

ვაშაძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო თავად ელჩებისთვისაც.

“ლამის ყოველსაათობრივი კომუნიკაცია მქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ ეს ახლა, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, მათთვისაც სიურპრიზი იყო გარკვეულწილად”, — ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, ქართული ოცნების ლიდერებმა “სერიოზული წნეხის ქვეშ” მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

წინა სტატიახმაური და დაპირისპირება იმერეთის სამხარეო პოლიციასთან
შემდეგი სტატიაპოლიციამ გუმათში რკინის კედელი აიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური