,,მსახიობმა ბესო ზანგურმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს თეატრი.” – აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

0
291

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მსახიობმა ბესო ზანგურმა, რომელსაც ყოფილი ცოლი, ნინუცა მაყაშვილი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს თეატრი. ორდღიანი დუმილის შემდეგ მინისტრი ამბობს, რომ სხვა არაფრის გაკეთება შეუძლია, რადგან არანაირი ბერკეტი არ აქვს, გადააყენოს მსახიობი.

“მივიჩნევ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. იმიტომ, რომ მე მეტი, მოწოდების არდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რადგან როგორც იცით, კულტურის მინისტრს, არა აქვს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ მსახიობი დააყენოს”, — განაცხადა მან.

ამავდროულად, მინისტრი ამბობს, რომ არ გეგმავს რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას სამსახურიდან გათავისუფლებას. მეტიც, ამბობს, რომ სტურუას ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი ჰყავს და მასზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა სტურუას განაცხადს ძალადობის წახალისებად, მინისტრი ამბობს, რომ ამ თემაზე საკმარისად ისაუბრა.

“ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ გეტყვით როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს და ეს არის ის ადამიანი, რომელსაც დამეთანხმებით, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს და ჩვენ მას, პირველ რიგში, მსახიობებმა, ჟურნალისტებმა და მინისტრებმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშავოს და იმოღვაწეოს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე. შესაბამისად, კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს”, — განცხადა წულუკიანმა.

მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, სტურუა ზანგურს გამოესარჩლა. მან მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა და ჰომოფობიური და მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

წინა სტატიაგიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურა საპატიმრო გირაოს – 5 000 ლარს ითხოვს
შემდეგი სტატია,,ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” ეუთოს 12 ქვეყანის ერთობლივი განცხადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური