ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები – გიორგი კეკელიძის ინიციატივა აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს

0
526

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივაა, წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს. მისი თქმით, ინიციატივა წიგნზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზთან მდებარესოფლებში, სადაც მწირი რესურსებია.

ზოგადად, წიგნის ჩუქების ტრადიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს და ეს დიდწილად ეფუძნება მის კავშირს 23 აპრილთან. – ამბობს გიორგი კეკელიძე – ეს ყველაფერი საუკუნის წინ ესპანეთში დაიწყო და ჩვენ ვეცადეთ, რომ საქართველოშიც ტრადიციად გვექცია. 2019 წელს საზოგადოებამ ინიციატივა ძალიან დადებითად მიიღო და უამრავი ადამიანი, კომპანია, ორგანიზაცია ჩაერთო და რეალურად, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდებოდა, თუმცა 2020 წელს ბუნებრივია, პანდემიის გამო ყველაფერმა შედარებით მოკრძალებულად ჩაიარა და მართალია, 2021 წელს პანდემია ისევ გრძელდება, მაგრამ არის საშუალება, ადამიანმა ადამიანს წიგნი აჩუქოს.

წელს გადავწყვიტეთ, რომ წიგნის ჩუქების დღედ სწორედ აპრილის თვე გამოცხადდეს და ამ ყველაფრის გვირგვინი იყოს სწორედ 23 აპრილი, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეა.

ახლა ჩვენ ჩვენს წამოწყებაზე უკვე ველოდებით საზოგადოების პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი, ორგანიზაცია ჩაერთვება, ისინი გამოიწვევენ ერთმანეთს და ამ ყველაფრით კარგი გაგებით იხეირებს ლიტერატურული პროცესი, იგულისხმება გამომცემლობა, ავტორი, მთარგმნელი და ა.შ… ბუნებრივია, პირველ რიგში, დადებით შედეგს მიიღებს მკითხველი.

პროექტში ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება – ადამიანებს შეუძლიათ, სოციალურ ქსელებში ერთმანეთი გამოიწვიონ, დააანონსონ, რა წიგნის ჩუქებას აპირებენ… ჩემი მხრიდან რა საჭიროებაც იქნება: სოფლებში სიარული, ადამიანებთან შეხვედრა, კომპანიებთან კომუნიკაცია, რათა განსაკუთრებით, სოფლის ბიბლიოთეკებს დაეხმარონ წიგნებით, ცხადია, პირველ ხაზზე ვიქნები.

გიორგი კეკელიძე ლაპარაკობს ემოციურ მხარეზე, რომელიც ახალ პროექტს ახლავს:,,გარდა იმისა, რომ წიგნი ტექსტია, შინაარსი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, ის არის არის ნივთიც, რომელიც რაღაც ტიპის ემოციას გულისხმობს. მაგალითად, ემოციას აღძრავს ბავშვობაში წაკითხული წიგნები. მათი გარეკანი გვახსენებს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადამიანებს. წიგნის მჩუქებელი გარკვეულწილად წიგნით და ავტოგრაფითაც გვამახსოვრდება და ეს რაღაცნაირად სიმბოლური აქტია.

მე ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი მჩუქნიდა და ასეთ ფრაზას აწერდა: “გიორგი კეკელიძის წიგნებიდან”… ჩემთვის ეს წიგნები, რომელსაც ახლა ოზურგეთის ბიბლიოთეკაში ვნახულობ ხოლმე, განსაკუთრებულად ემოციურია.

წინა სტატიანიკა მელია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
შემდეგი სტატიაENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ, თუ ნამოხვანისკენ არ გაგვიშვებთ – ვარლამ გოლეთიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური