“აფხაზები უფრო შინაურებივით გვექცევიან და თქვენ რა გჭირთ საქართველოს მთავრობა?” -რას წერენ “ოდიშინიუსს” ოკუპირებული აფხაზეთიდან

0
1294

ერთი ეპიზოდი ენგურის გაღმა-გამოღმის ,,უბადლო“ საკარანტინო ისტორიიდან…- ასე იწყება კიდევ ერთი წერილი, რომელიც ტელეკომპანია „“ოდიშს’ ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოუგზავნეს. ამჯერად ამ ადამიანმა გვთხოვა მისი ვინაობა არ გავამჟღავნოთ, რადგან ეს მისთვის უსაფრთხო არაა. „ოდიშინიუსი“ წერილს ამჯერადაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოისმინეთ ერთი ეპიზოდი ენგურის გაღმა-გამოღმის ,,უბადლო“ საკარანტინო ისტორიიდან…საახალწლოდ აფხაზეთის მხარემ საზღვარი გახსნა იქ მცხოვრები ქართველებისთვის… საგუშაგოსთან, სადაც ქართველები დგანან, აგვიღეს სწრაფი ტესტები კოვიდზე, უარყოფითი ვისაც ამოგვივიდა, ისინი გაგვატარეს. . იქვე ჩემს გვერდით აფხაზური საგუშაგოსკენ მოხუცი ბებო და შვილიშვილებიც მოდიოდნენ, ასევე უარყოფითი პასუხის ცნობებით. გზაში მომიყვა, ბავშვები მინდობილობის საბუთით გადამყავსო, რადგან ამათი მშობლები ვერ შედიან შვილო იქეთ და მერე აქეთაც ასე მომყავს ხოლმეო, როცა გზა არისო, არ მინდა ბავშვებმა დაივიწყონ საიდან არიანო, მათაც ქვეყანას ურჩევნიათ იქაურობა და მეც ერთი სული მაქვს ამათი იქ ყოფნისო…საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდა… იცით, რომ ენგურის ხიდი არ არის მოკლე მანძილზე გადასასვლელი და მახსოვს ბებო ძლივს მიდიოდა, ქოშინ-ქოშინით, სვენებ-სვენებით, შვილიშვილები ეხმარებოდნენ და ასე მივადექით იქეთ საგუშაგოს. მე უპრობლემოდ გამატარეს აფხაზებმა, მაგრამ სამწუხაროდ, მინდობილობით ბებო და ბავშვები არ გაატარეს. ვერაო, წესები შეიცვალაო… გული ძლიერ მეტკინა, მაგრამ ვერაფრით წავეშველე ბებოს, დამწუხრებული უხმოდ გაბრუნდა და ცრემლიანი თვალებით გამომეთხოვა…
ცხოვრება კიდევ ერთხელ შემძულდა ამ მორიგი უსამართლობის გამო….
და ჰოი, ყველაზე დიდო საოცრებავ და იმედგაცრუებავ, ჯერ სად ხარ. როცა სახლამდე მივაღწიე და ოდნავ ამოვისუნთქე, მოვიკითხე ეს ბებო და რა მესმის, როცა უკან მიაბრუნეს აფხაზმა ,,გუშაგებმა“ და ასევე წვალებ-წვალებით, სვენებ-სვენებით მიაღწია უკანვე ქართველების ,,საგუშაგოს’’- ამათ და არა მარტო ამათ, ვინც აფხაზურმა მხარემ რაიმე მიზეზით არ გაატარა ე.წ. საზღვარი- 12 დღიანი კარანტინი შეუფარდეს … ჰოოო, ეს იმავე ქართულმა საგუშაგომ, ვინმაც ერთი საათის წინ კოვიდ-ტესტის უარყოფით პასუხიანი ცნობები გასცეს ამ ადამიანებზე… და ლოგიკა არ გაინტერესებთ?
-,,თქვენ ხომ ენგურის ხიდი გაიარ-გამოიარეთო….“- უთქვამთ..
კომიკური ხომ არის ეს ყველაფერი…უფრო ტრაგიკული…
აფხაზები დაგვცინიან – ჩვენ ნუ გვადანაშაულებთ, ქართველებს მოკითხეთო…და ნეტავი არ იყოს ეს სიმართლე, რას დავუგდებდით ყურს იმათ აბუჩად აგდებას…ისედაც შეჩვეულს…მაგრამ მწარეა სიმართლე…
მე მრცხვენია ამ ყველაფრის… და მაინც ჩუმად ვართ…უიმედოდ ვართ და სასოწარკვეთილი..
აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად შემცირდა, სიკვდილის მიზეზი 95% გულით გამოწვეული ავადობებია…
რამდენ ტრაგიკულ ისტორიას ინახავს აფხაზეთის მიწა და ის ადამიანები, რომლებიც ასე ჯიუტად ვდგავართ აქ და სხვაგვარად არ შეგვიძლია…მე ფეხზე ოპერაცია გავიკეთე ერთი წელია…სახსარში მეტალი მაქვს და ექიმმა დამაბარა თავს უნდა მოუაროო….თვეების წინ კი ენგურს შევეჭიდე… მარტო ვიყავი…ვიღაც ჩემისთანა ,,მგზავრი“ დამეხმარა, ხელები წამაშველა რომ წყალს არ გავყოლოდი, არც ვიცნობ…აფხაზეთელია… თითქოს ღრმა არ იყო, მაგრამ ცივი იყო, ჩქარი და მგლის ხახას ჰგავდა…ვიცოდი რომ ვრისკავდი, მაგრამ არ მედარდებოდა, რატომ? შვილს ვჭირდებოდი იმ დღესვე, იმავე საათში და არა 12 ან 5 დღის მერე…ვის აუხსნი ამას…ვის გესმით ჩვენი…ვინმეს? …საკუთარი თავი წარმოიდგინეთ და მერე გულს უსმინეთ… დაიჯერებთ,რომ აფხაზები უფრო შინაურებივით გვექცევიან? და თქვენ რა გჭირთ საქართველოს მთავრობა? ნუთუ ისე შევეგუეთ ყველაფერს, რომ ამ ტრაგედიისნაირი, ღმერთმა ნუ ქნას და კიდევ განმეორდეს, ალბათ მორიგი დღე იქნება მხოლოდ….
მეშინია… ასე რატომ დაიყო ადამიანთა მოდგმა… სად წავიდეთ… თქვენი შემხედვარე ჩვენ ვისი ან რისი იმედი უნდა გვქონდეს…
დავშრით…გავიტანჯეთ…
იცით? მიჯაჭვული ვართ აქ ყოფას…
რატომ?
ჩვენია …
ახლოსაა…
თვალსაწიერშია…
ენგურს გამოღმიდან ჩემი ყანა და ბუჩქები სჩანს…
იქ საფლავებია…
იქ ჩვენი სოდაბადეა…
რატომ ვართ აქ?
, ერთი ხელისგაწვდენაზე რომ გქონდეთ ის მიწა, სადა თქვენი ნაოფლარი ქვები და ბოძები დგას, ყველა ღონეს არ იხმართ იმას კიდევ ერთხელ რომ მოეფეროთ?
აფხაზურ პასპორტს არ ვიღებთ…
რატომ?
ქართველები ვართ….
აქ საქართველოა…
მაგრამ … ვინც აქ ვართ…ბედის და ღვთის ამარა ვართ…
მგონია ჯუნგლებში ვართ და ვიბრძვით არსებობისთვის…შუქი კი არსაიდან ჩანს. “- გვწერენ ოკუპირებული აფხაზეთიდან.

წინა სტატიათბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის თეატრმა 153-ე სეზონი ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგმული ტრაგიკომედიით გახსნა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური