გახარია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შემთხვევაში დიდი რაოდენობით ამომრჩეველს წაიყვანს ქართული ოცნებიდან – სალომე სამადაშვილი

0
379

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია “არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი” მმართველი პარტიისთვის.

“გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ნამდვილად, ქართული ოცნებისთვის იქნება დარტყმა, იმიტომ, რომ ის წაიყვანს დიდი რაოდენობით ამომრჩეველს ქართული ოცნებისგან […] ვფიქრობ, რომ გახარია არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი ქართული ოცნებისთვის”, — განაცხადა სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.

სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ამომრჩევლებს შორის “გამყოფი ხაზი” ქვეყნის საგარეო კურსზე გადის, გახარია კი, მისი აზრით, პროდასავლელ ლიდერად არ მიიჩნევა. სწორედ ამ არგუმენტის საფუძველზე ფიქრობს სამადაშვილი, რომ გახარია, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ამომრჩეველს ქართულ ოცნებას “წაართმევს” და არა ოპოზიციას.

“ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციის ამომრჩეველს და ქართული ოცნების ამომრჩეველს შორის ძალიან ნათელი გამყოფი ხაზი არის, ასევე, ქვეყნის საგარეო მიმართულება და საგარეო ორიენტაცია. ამ თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ ბატონი გახარია იქნება მომხიბლავი ალტერნატივა იმ ხალხისთვის, ვისაც სურს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები და პოლიტიკური კურსის შეცვლა, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით. იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ გახარია მიიჩნევა პროდასავლური ვექტორის წარმომადგენლად ჩვენს ამომრჩეველში და ჩვენს ხალხში”, — ამბობს სალომე სამადაშვილი.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, სამადაშვილის აზრით, გახარია არა ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ელექტორატს გაყოფს, ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას სამადაშვილი სწორედ ყოფილ პრემიერს აკისრებს.

“რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჩვენს ქვეყანაში — ამ ადამიანებს აწუხებთ, პირველ რიგში, ის ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი და რომელიც, პირდაპირ უკავშირდება გახარიას, [მისი] პრემიერმინისტრად მუშაობის შედეგია, მათ შორის, ის ვითარება, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს შექმნილი”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ქართველ პოლიტიკოსებს შორის 65%-ით პირველ ადგილს იკავებს. მას რეიტინგში მხოლოდ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე უსწრებს.

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა და სხვა კრიმინალები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური